“ქალმა დანა ჩაარტყა, სასიკვდილოდ გაიმეტა” – ვინ არის რუსეთში მოკლული ქართველი შეფმზარეული
რუსეთში, მოსკოვის მახლობლად, რესტორან „თბილისოში“ მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლული შეფ-მზარეული სოსო ბერაიაა. ის სამეგრელოდანაა. როგორც ბერაიას ახლობლები აცხადებენ, მამაკაცი წლებია მეუღლესთან ერთად რუსეთში ცხოვრობს.
არსებული ინფორმაციით, შეფმზარეული თანამშრომელმა, 36 წლის ქალმა დანით მოკლა. გავრცელდა მკვლელობის ამსახველი კადრებიც. მასალაში ჩანს, რომ მკვლელობას წინ კონფლიქტი უძღვის, თუმცა რაზე კამათობენ, უცნობია. დამნაშავე, არსებული ინფორმაციით, ტაჯიკეთის მოქალაქეა, ქალმა მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ ის მომხდარიდან მალევე დააკავა.
მოკლულის ახლობლებისთვის მომხდარის დეტალები უცნობია.
“ნამდვილად არ იყო სიკვდილის ღირსი. დამნაშავე თუ იყო, სხვანაირად რომ ყოფილიყო შეიძლებოდა… მაგრამ მოხდა ასეთი ამბავი და მოგვიკლეს ძალიან კარგი ადამიანი. [მკვლელობაში ბრალდებული] თანამშრომელი იყო, ერთად მუშაობდნენ რესტორანში, მოხდა რაღაც კინკლაობა, ამ კინკლაობას აჰყვა ის ქალი და ჩაარტყა დანა, სასიკვდილოდ გაიმეტა”, – აცხადებს მოკლულის ნათესავი ფრიდონ ბერაია “კურიერთან” საუბრისას.