„უცნობის“ სიძის ადვოკატი: „რას იტყვის, რა პოზიციას დაიკავებს ვანო მერაბიშვილი – ამაზეა დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება საქმე, ან გაგრძელდება , თუ არა“

„რას იტყვის, რა პოზიციას დაიკავებს ვანო მერაბიშვილი – ამაზეა დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება საქმე, ან გაგრძელდება , თუ არა“, – ამის შესახებ მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობის) სიძის, გიორგი შარაშიძის ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ადვოკატმა შარაშიძის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან ფიზიკური დაპირისპირების საქმის შესახებ ისაუბრა.

ნიკოლაიშვილის თქმით, შარაშიძის მიმართ ბრალის წაყენება ჯერჯერობით ვერ მოხდებოდა, რადგან, მისივე განმარტებით, „თუ საქმეში დაზარალებული არ არსებობს, ბუნებრივია, საქმეც არ არსებობს“.

„ვანო მერაბიშვილი 4 დღეა არ გამოჩენილა. როგორც მე გამომძიებელმა მითხრა, ჩემი ინფორმაციით, მას დაუკავშირდნენ, წინააღდეგი არაა მოვიდეს და გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღოსო. თუმცა, მე შევატყვე, რომ მას ეს ინფორმაცია ყურმოკვრით ჰქონდა. ის რიგითი გამომძიებელია და შეიძლება, ზუსტად არ იცოდეს. ბუნებრივია, მე ვერაფერს მოგახსნებთ მის [მერაბიშვილის] პოზიციაზე. მან, ალბათ, გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლოს. პრინციპში, თვითონ ეს ფაქტი როდესაც გახმაურდა , მას არ გაუხმაურებია, არც თვითონ გიორგი შარაშიძეს გაუხმაურებია. სოციალურ ქსელებში ინფორმაცია მესამე პირებისგან გავრცელდა. ამ მესამე პირებმა საიდან გაიგეს, ვიღაცის მონაყოლით, თავად გიორგის მონაყოლით, თუ ვანო მერაბიშვილის მონაყოლით, ამის თქმა რთულია. მაგრამ, საგამოძიებო უწყება ვალდებულია, დანაშაულის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემთხვევაში გამოძიება დაიწყოს და ასეც მოიქცა. გუშინ, როგორც მოგეხენებათ, შარაშიძე ჩემთან ერთად მივიდა, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, დეტალურად მოჰყვა.

აქ ახლა ერთი მომენტია. ბუნებრივია, მის მიმართ ბრალის წაყენება ჯერჯერობით ვერ მოხდებოდა. იმიტომ, რომ თუ საქმეში დაზარალებული არ არსებობს, ბუნებრივია, საქმეც არ არსებობს. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს იმას, რომ დაზარალებულს სასამართლო სამედიცინო ექსპერტის დასკვნა უნდა ჰქონდეს, რომ მან მიიღო რაღაც ხარისხის დაზიანება: მძიმე, ნაკლებად მძიმე, ან მსუბუქი . თუ არცერთი ხასიათის დაზიანება არ არსებობს, მაშინ გამოძიება ძალადობის მუხლით იწყება, რადგან ძალადობის ფაქტია აღწერილი და დადასტურებულიც თავად შარაშიძის მიერ.

126-ე მუხლი პირდაპირ ითვალისწინებს , რომ კონკრეტულად, თუ არცერთი დაზიანების ხარისხი არ არსებობს, დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი უნდა განეცადა. მაგრამ, განიცადა, თუ არა ფიზიკური ტკივილი – ეს თავად დაზარალებულმა უნდა თქვას. თუ თქვა, რომ რაღაც ინციდენტი კი მოხდა, მაგრამ, მე არანაირი ფიზიკური ტკივილი არ განმიცდიაო, საგამოძიებო ორგანოებს უბრალოდ ვერ ექნებათ საშუალება, რომ კონკრეტულად ამ პიროვნებას ბრალი წაუყენონ , მიუხედავად იმისა, რომ მე მომეჩვენა , ისინი ძალიან დეტალურად კითხულობდნენ და შეიძლება, ბრალის წაყენებით დაინტერესებულებიც იყვნენ. ისეთი დეტალები იკითხეს, მაგალითად: რა შეიძინე მაღაზიაში რომ ჩახვედი, რა წამალი უნდა შეგეძინა ბიძაშენისთვის, ტელეფონზე რომ ესაუბრებოდი, ვინ იყო ის ადამიანი? შარაშიძემ ყველა ამ შეკითხვას ძალიან გულახდილად უპასუხა. რომ იტყვიან, ახლა ჯერი დაზარალებულზე, თუ ე.წ. დაზარალებულზეა. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანს ტკივილი მართლა არ განეცადა, მართლა თქვას, რომ დანაშაულის ნიშნები არ ყოფილა, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ თქვას, პირიქით, მოვდივარ, ვითანამშრომლებ, ექსპერტიზასაც ჩავიტარებო. თავის მხრივ, გიორგი შარაშიძემ თავის მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა, ჩვენება მისცა, ახლა ჯერი ვანო მერაბიშვილზეა.

როგორ განვითარდება პროცესები დამოკიდებულია იმაზე, ითანამშრომლებს, თუ არა ვანო მერაბიშვილი გამოძიებასთან. რას იტყვის, რა პოზიციას დაიკავებს ვანო მერაბიშვილი – ამაზეა დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება ეს საქმე, ან გაგრძელდება , თუ არა“- განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

ადვოკატმა მომხდარის დეტალებზე ისაუბრა.

„როდეც ის [მერაბიშვილი] აფთიაქიდან გაიქცა, შარაშიძე ამბობს, რომ არ გაჰკიდებია.  სწრაფი ნაბიჯით გავყევი,  კარები გავაღე,  დავინახე,  რომ ოციოდე მეტრში ის მანქანაში ჯდებოდა, არავინ ელოდებოდაო. შეურაცხმყოფელი სიტყვები მივაძახეო. შარაშიძეც მარტო იმყოფებოდა.

როდესაც შარაშიძე აფთიაქში შევიდა, ერთი პირი მერაბიშვილს მიამსგავსა, დასაზუსტებლად ჰკითხა, ვანო მერაბიშვილი ხარო? მე ბუტა რობაქიძის მეგობარი ვარ, ხომ გახსოვს ბუტა რობაქიძეო? როგორც გიორგი ამბობს, მისი რეაქცია  აინტერესებდა,   რამდენად სინანულს გამოხატავდა, თუ რამდენად აგდებულად უპასუხებდა.  გამოვიდა, რომ მან აგდებულად უპასუხა, თქვა – რა დროს, თუ რაღა დროს   ბუტა რობაქიძეაო? სავარაუდოდ, გულისხმობდა, ახალი წელია და რა დროს მაგაზე ლაპარაკიაო. ამან გამოიწვია მისი [შარაშიძის] მდგომარეობიდან გამოსვლა, ხელის მოქნევა.  2- 3 მოქნევა იყო, შემდეგ წიხლის მოქნევა. როგორ მოხდა, ამოიღეთ ვიდეოთვალის ჩანაწერები და იქ ყველაფერი იქნება დაფიქსირებულიო.

სავარაუდოდ,  გამოძიება  შუამდგომლობით შევა, თუ უკვე შესული არაა,  რომ სასამართლოდან განჩინება მიიღოს, რათა ამ ვიდეოთვალის ჩანაწერები ამოიღოს. შემდეგ, ალბათ, მის ჩვენებას შეადარებენ.

ეს შემთხვევა შარაშიძის საცხოვრებელი სახლის წინ მდებარე   აფთიაქში რომ არ ყოფილიყო,რაღაც  ეჭვები შეიძლება,  გაჩენილიყო [წინასწარ განზრახვაზე], მაგრამ ის ჩავიდა აფთიაქში, რაღაცები შეიძინა და მოტივი რეალურად  იქ გაჩნდა – მერაბიშვილს ასე რომ არ ეპასუხა, ალბათ, ინციდენტი არც იქნებოდა“ – განაცხადა ადვოკატმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები