ადვოკატი: გიორგი შარაშიძეს უკითხავს, თუ გახსოვს ბუტა რობაქიძეო, რაზეც ვანო მერაბიშვილს უპასუხია – რაღა დროს ბუტააო, ამაზე გაღიზიანებულმა გიორგიმ მას ხელი მოუქნია

მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძემ, გიორგი შარაშიძემ და მისმა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო ცოტა ხნის წინ დატოვეს.

ადვოკატმა დაკითხვის დეტალების შესახებ ჟურნალისტებს უამბო და აღნიშნა, რომ კითხვები ბუნებრივია შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან მომხდარ დაპირისპირებას ეხებოდა.

“კითხვები ეხებოდა იმ ინციდენტს, რომელიც მოხდა “ავერსის” აფთიაქში, 2 იანვარს. სიტუაცია იყო ასეთი – გიორგი შევიდა ჯერ მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად თავისი სახლის წინ, შემდეგ იქვე მდებარე აფთიაქში, სადაც ვანო მერაბიშვილი შენიშნა, ამ დროს აფთიაქის ტერიტორიაზე ერთი ქალბატონი იმყოფებოდაო. ის ამ დროს ტელეფონზე საუბრობდა, ბიძისთვის წამლების შეძენა უნდოდა.

გამოძიება იმითაც დაინტერესდა კონკრეტულად რა წამლები უნდა შეეძინა, შემდეგ გიორგიმ დააზუსტა ვანო მერაბიშვილი ხარო? და მან კიო, დაუდასტურა, როგორც აღმოჩნდა გიორგი და ბუტა რობაქიძე ბავშვობიდან მეგობრები იყვნენ და მან გაახსენა, რომ ბუტას მეგობარი ვარო და ჰკითხა, თუ გახსოვს ბუტა რობაქიძეო, რაზეც ვანო მერაბიშვილს უპასუხია – რაღა დროს ბუტააო. ამაზე გაღიზიანებულმა გიორგიმ მას მოუქნია ხელი. თუმცა ხელი მას რამდენიმე დღის წინ ჰქონდა დაზიანებული. რამდენიმე ხელის მოქნევის დროს კონკრეტულად სხეულის რა ნაწილში მოხვდა ვანო მერაბიშვილს, ამ დეტალებს ეკითხებოდა გიორგის გამოძიება. კონკრეტულად, გიორგიმ ვერ გაიხსენა რა ნაწილში მოხვდა, შემდეგ გაქცეულა, წიხლი ამოუქნევია, ალბათ კამერებში გამოჩნდება ყველაფერი. ამის შემდეგ გაიქცა ვანო მერაბიშვილიო, როგორც გიორგი ამბობს და მას არ გაჰკიდებია გიორგი, როდესაც მანქანას მიუახლოვდა მერაბიშვილი საჭესთან დაჯდა და წავიდაო.

რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის დაზიანება აქვს მიყენებული ვანო მერაბიშვილს, ან აქვს თუ არა საერთოდ დაზიანება. ვანო მერაბიშვილი, როგორც მე ვიცი, გამოკითხვაზე დაბარებულია და თუ ის იტყვის, რომ მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, გამოძიება 126-ე მუხლით გაგრძელდება. თუ ის იტყვის, რომ ფიზიკური ტკივილი არ განუცდია, რეალურად, უკვე დანაშაულის ნიშნები აღარ იქნება”,- განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები