გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წიწვოვანი ხეების უკანონო მოპოვება-რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვება-რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოქალაქეები, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ მოპოვებული 80 ერთეულამდე ნაძვის სახეობის ხე-მცენარის უკანონო რეალიზაციას ახდენდნენ. დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, წიწვოვანი ხე-მცენარეები დალუქეს და შესაბამისი აქტები შეადგინეს. წიწვოვნების უკანონო მოპოვებაზე, ასევე ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე, მოქმედებს 200-დან 2000-ლარამდე ჯარიმა, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც ემატება. წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღმოფხვისა და პრევენციის მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლები წინასაახალწლო პერიოდში, ამ მიმართულებით, ქვეყნის მასშტაბით, მკაცრ კონტროლს ახორციელებენ. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ რეგიონებს, სადაც წიწვოვანი ტყეებია.

პრევენციული ღონისძიებები ტარდება სახელმწიფო ტყის ფონდის მიმდებარე ტერიტორიებსა და მისასვლელ გზებზე, ქალაქის შემოსასვლელთან, დასახლებულ პუნქტებში, ასევე საავტომობილო გზებზე. დედაქალაქში კი, აქტიურად მოწმდება ისეთი ადგილები, სადაც წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხე-მცენარეები ან ტოტები იყიდება. (მაგ: სპორტის სასახლის, ვაგზლის, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები).
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხე-მცენარეები მოიპოვონ მხოლოდ კანონის ფარგლებში – სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში ან შეიძინონ იმპორტირებული ნაძვები. კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები