ძმებ კაკულიების საქმის პროკურორი: მიმდინარეობს გამოძიება, თუ როგორ მოხვდა ბრალდებულების ხელში ზურაბ ჟვანიას სახელზე რეგისტრირებული იარაღი

არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული ძმების, დავით და გურამ კაკულიების ადვოკატი, მარიამ შათირიშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთი იარაღი, რომელიც სამართალდამცველებმა კაკულიების დაკავების დროს ამოიღეს, ყოფილ პრემიერმინისტრს, ზურაბ ჟვანიას ეკუთვნის.

„მოწმე ლევან ვაჩნაძე არის ზურაბ ჟვანიას მეზობელი, მან დაადასტურა მეზობლობა. საქმეში ფიგურირებს იარაღი, რომელიც რეგისტრირებულია ზურაბ ჟვანიას სახელზე. შესაბამისად, საქმეზე გამოკითხულია ზურაბ ჟვანიას მეუღლე, რომელიც ადასტურებს, რომ ზურაბ ჟვანიას ნამდვილად ჰქონდა იარაღები, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიკარგა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩვენთვის საინტერესო იყო, როგორ აღმოჩნდა ზურაბ ჟვანიას იარაღი საქმეში“, – აცხადებს მარიამ შათირიშვილი.

რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, როგორც პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა განაცხადა, სწორედ ამ იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას ედავება ბრალდების მხარე ორივე ძმას, დავით და გურამ კაკულიებს.

„ამ ნაწილში წარდგენილია ბრალდება 236-ე მუხლის მე-6 ნაწილით და როგორც მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, ნამდვილად არის რეგისტრირებული ზურაბ ჟვანიას სახელზე ერთ-ერთი იარაღი”,- აცხადებს თამარ ყულჯანიშვილი.

პროკურორის თქმით, მიმდინარეობს დამატებითი გამოძიება, მოკვლევა იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა ზურაბ ჟვანიას სახელზე რეგისტრირებული იარაღი ბრალდებულების ხელში.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბრალდებული ძმები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, მათ შორის აღნიშნულ იარაღზეც, ამიტომ, შსს-ში ამ კუთხით გამოძიება გრძელდება.

რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას შვილს, ბესარიონ ჟვანიას, პროკურორის განმარტებით, ის გამოკითხული არ არის, რადგანაც როდესაც მისი გამოკითხვა გახდა საჭირო ამ დროს ბესარიონ ჟვანია საქართველოში არ იმყოფებოდა, “თუმცა, სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისთვის მიმართულია მისი გამოკითხვის შესახებ”.

ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები