ანრი ოხანაშვილი: ფაქტია, რომ საზოგადოებისთვის პრიორიტეტულია ეროვნული ინტერესების დაცვა, სტაბილურობის შენარჩუნება და ზრუნვა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე

„გორბის“ კვლევა გამოხატავს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციას და ფაქტია, რომ საზოგადოებისთვის პრიორიტეტულია ეროვნული ინტერესების დაცვა, სტაბილურობის შენარჩუნება და ზრუნვა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოების პოლიტიკური კულტურა გაზრდილია.

“ის პოლიტიკა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ტარდება, ზუსტად არის გამოხატული ამ კვლევის შედეგებში, სადაც საზოგადოება ენდობა მმართველი პარტიის მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ ნაბიჯებს. რაც შეეხება პოლიტიკურ რეიტინგებს, საზოგადოება აფასებს სწორად იმ პოლიტიკურ ხედვებს და ნაბიჯებს, რომლებსაც ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები დგამენ და დღეს ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური კულტურა არის გაზრდილი და ის ღია პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს პარლამენტში, ის გამჭვირვალე საქმიანობა, რომელსაც წარმართავს საქართველოს მთავრობა, ჩვენი საზოგადოებისთვის იძლევა დასკვნების გამოტანის საკმაოდ კარგ საფუძველს. ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება თითოეული პარტიის პოლიტიკურ დღის წესრიგს. ის რომ “ქართულ ოცნებას” აქვს ეროვნული ინტერესების დაცვის დღის წესრიგი, ამას ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს. ის რომ დღეს, ჩვენი მოქალაქე ჩვენს ქვეყანაში თავს გრძნობს დაცულად, ამას ძალიან კარგად ხედავს ჩვენი საზოგადოება. ის რომ არის ტემპი ეკონომიკური განვითარების, ამას საზოგადოება აფასებს. რა თქმა უნდა, იმ გამოწვევებსაც აფასებენ, რა გამოწვევებსაც საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი ნაბიჯებით უნდა უპასუხოს. პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესით არ ხელმძღვანელობენ, რომლებიც ორიენტირებულები არ არიან მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებაზე, არამედ, ქვეყანაში რადიკალიზაციის როგორმე გაღვივებაზე ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არის ნეგატიურად განწყობილი და ამიტომ არ აქვს ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შესაბამისი ნდობა და მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები