ანრი ოხანაშვილი: გვსურს, ავირჩიოთ სახალხო დამცველი, რომელიც ორიენტირებული იქნება მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე და არ იქნება მიკერძოებული

“ჩვენ გვსურს,ავირჩიოთ სახალხო დამცველი, რომელიც ორიენტირებული იქნება თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვაზე და არავის მიმართ მიკერძოებული არ იქნება. თუ პოლიტიკური ოპონენტები ამ კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ, ჩვენ შევთანხმდებით”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის ასარჩევად პოლიტიკური შეთანხმებაა საჭირო.

“სახალხო დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებით პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართა. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა დაესვა კითხვები კანდიდატებისთვის, მათი ხედვები მოესმინა. სახალხო დამცველის ასარჩევად პოლიტიკური შეთანხმება გვჭირდება. სახალხო დამცველის არჩევას ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტია ვერ შეძლებს. ჩვენ პოლიტიკური კონსულტაციები დავიწყეთ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ “ქართული ოცნების” გუნდი სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით შემდეგი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს – ეს არის კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა და კვალიფიციურობა”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები