საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ანგარიში წარადგინა

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ივანაშვილმა 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ, საკრებულოსა და მოსახლეობას, კინოს სახლში ანგარიში წარუდგინა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ანგარიში სრულად მოიცავდა საანგარიშო პერიოდში მერიის სამსახურების მუშაობას.

„2022 წელი ნამდვილად ნაყოფიერი იყო საჩხერის მუნიციპალიტეტისათვის. ჩვენ შევძელით ისეთი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტების განხორციელება, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისათვის. წარმატებები გვქონდა კულტურის სფეროში თუ სპორტულ ასპარეზზე. 2023 წელს ჩვენი მიზანია, მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული კიდევ მეტი პროექტი განვახორციელოდ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მაჟორიტარ დეპუტატს ბატონ პაატა კვიჟინაძეს, მერიის თანამშრომლებს, საკრებულოს, იმერეთის მხარის ადმინისტრაციას და ცენტრალურ ხელისუფლებას. სწორედ, ურთიერთთანამშრომლობით შევძელით მიგვეღწია იმ წარმატებებისათვის, რომელიც დღეს გვაქვს. ასევე, გუნდური მუშაობით, მომავალ წლებშიც შევძლებთ კიდევ მეტი წარმატების მიღწევას“, – განაცხადა ლევან ივანაშვილმა.

ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, მერის მოადგილეები, მერიის სამსახურის უფროსები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, სხვადასხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელები და რიგითი მოქალაქეები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები