ვინ იყო ნიუ–იორკის ყოფილი ვიცე–მერი კონსტანტინე ერისთავი
კონსტანტინე სიდამონ–ერისთავი არისტოკრატიული ოჯახის შთამომავალია. მამა, სვიმონ (სიკო) სიდამონ–ერისთავი რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი იყო. 1918 წელს სამშობლოში დაბრუნდა და სამხედრო კარიერა ქართულ არმიაში გააგრძელა პოლკოვნიკის ჩინით. 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში ამერიკაში წავიდა. იქ ცოლად შეირთო საფრანგეთში ამერიკის ელჩის ქალიშვილი ენ ბიგლოუ–ტრეისი. მასთან ქალ–ვაჟი – კონსტანტინე და ანა შეეძინა. პირველი ქორწინებიდან სვიმონს ერთი ქალიშვილი ჰყავდა – ირინე.
ნიუ–იორკის საუკეთესო ნაწილში გახსნილ სვიმონის რესტორან “კავკასიის არწივში” ხშირად იყრიდნენ თავს ქართველები და კავკასიელები. მან ნიუ–იორკიდან 100 კილომეტრში, მდინარე ჰუძონის ნაპირას, კლოდ–სპინგის რაიონში, იტალიაში საქართველოს ელჩ გიორგი მაჩაბელსა და სათვისტომოს თავმჯდომარეs, პიანისტ ირაკლი ორბელიანთან ერთად კავკასიელთა დასასვენებელი სახლი “ალავერდი” დააარსა. ზაფხულობით ქალაქის ხვატს გარიდებული ნიუ–იორკში მცხოვრები კავკასიელები თავს სწორედ ამ სავანეს აფარებდნენ. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, ეს იყო ორსართულიანი კარგად გაწყობილი სახლი, ულამაზესი ეზოთი და ბაღით, რომელსაც “კავკასიურ წალკოტს” უწოდებდნენ, იქვე იყო აუზი და ბოსტანი, სადაც წიწმატი, ტარხუნა და ქინძი მოჰყავდათ. “ალავერდი” არა მარტო დასასვენებელი, არამედ კავკასიელთა სამეგობრო ცენტრი გახდა. სვიმონ სიდამონ–ერისთავის გარდაცვალების შემდეგ (1964 წ.) დასასვენებლ სახლსა და “ალავერდის საზოგადოების” ხელმძღვანელობა მისმა ვაჟმა, კონსტანტინემ გადაიბარა, მდივნობა კი, მისმა მეუღლემ.
კონსტანტინე სიდამონ–ერისთავი 1930 წლის 28 ივნისს დაიბადა მანჰეტენზე. სწავლობდა მილბრუკის სკოლაში. დაამთავრა პრინსტონის უნივერსიტეტი ,სამთო ინჟინრის დიპლომით. მსახურობდა არმიაში, მონაწილეობდა კორეის ომში, რისთვისაც ბრინჯაოს ვარსკვლავი დაიმსახურა. სამხედრო სამსახურის შემდეგ, 1957 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ჯერ იურიდიულ ბიუროში მუშაობდა, შემდეგ კი დასთან, ანა სიდამონ–ერისთავთან ერთად (რომელიც ასევე იურისტია) საკუთარი ბიურო გახსნა. კენედის მკვლელობის შემდეგ აქტიურად ჩაება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. გახდა ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის წევრი და სწრაფად გაიკეთა პოლიტიკური კარიერა.
1965 წელს კონსტანტინე სიდამონ–ერისთავი ნიუ–იორკის მერის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ ჯონ ლინდსის წინასაარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ლინდსმა საავტომობილო მიმოსვლის დარგში თანაშემწედ დანიშნა. ასე გახდა კონსტანტინე სიდამონ–ერისთავი არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს უდიდესი ქალაქის, ნიუ–იორკის ვიცე–მერი. ამ თანამდებობაზე კარგა ხანს იმუშავა, სამი მთავრობა გამოიცვალა და პენსიაში გასვლამდე ქალაქის მმართველობაში დიდ როლს ასრულებდა.
კონსტანტინე სიდამონ–ერისთავი გარემოს დაცვის პრობლემებითაც აქტიურად იყო დაკავებული. ამ საქმეში 1974 წელს გუბერნატორმა მალკოლმ უილსონმა ჩააბა. 1989 წლიდან 1993 წლამდე ნიუ–იორკის რეგიონის გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. ზედამხედველობდა პროგრამებს, რომლებიც აკონტროლებდნენ ჰაერისა და წყლის სისუფთავეს, ინდუსტრიულ ნარჩენებს, ტოქსიკურ ნივთიერებებს, პესტიციდებსა და ოკეანის დაბინძურებას.
მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინე სიდამონ–ერისთავი უცხოეთში დაიბადა და გაიზარდა, ქართული ადათ–ჩვევები და ტრადიციები შეინარჩუნა. ქულაჯასა და ჩოხაში გამოწყობილი ყოველთვის ესწრებოდა სათვისტომოს ღონისძიებებს. შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა ქართველებს იურიდიული კონსულტაციებითა თუ სამსახურში მოწყობით. 70-იან წლებში, როცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ გატანილი ქართული არქივი პარიზში წყალდიდობამ დააზიანა, მის გადასარჩენად სოლიდური თანხა გაიღო.
კონი ერისთავის ინიციატივითა და დიდი ძალისხმევით, 1994 წელს დაარსდა ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია “საქართველოს ამერიკელი მეგობრები”, რომლის დირექტორთა საბჭოს ის სიცოცხლის ბოლომდე თავმჯდომარეობდა. აღმასრულებელ დირექტორად ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალი, ამერიკელი მწერლის, პავლე ჭავჭავაძის შვილიშვილი მარიამ (მარუსია) ჭავჭავაძე დანიშნა. “საქართველოს ამერიკელი მეგობრების” მეშვეობით, უამრავი ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და სამედიცინო პროგრამა დაფინანსდა. ორგანიზაცია ძირითადად ქართველთა შედარებით დაუცველ ფენას ეხმარება: ჩააქვთ მედიკამენტები, მკურნალობენ ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს, ასევე მაქსიმალურად ეხმარებიან ხანდაზმულებს. უსახლკარო ბავშვებისთვის თავშესაფარიც ააშენეს. ორგანიზაცია ხშირად საკუთარი აღზრდილების განათლების ხარჯებსაც საკუთარ თავზე იღებს, კონი ერისთავი ბოლომდე ჩართული იყო ყველა საგანმანათლებლო, სამედიცინო, თუ სოციალური დახმარების პროექტში. დღეს ორგანიზაციას კონის უფროსი ვაჟი, ვაშინგტონელი ადვოკატი, ბაბუის მოსახელე და ქართული საქმის ასევე დიდი მოამაგე სიმონ სიდამონ–ერისთავი ხელმძღვანელობს.
კონი ერისთავი 1957 წელს დაქორწინდა ენ ფილიპსზე, შეეძინათ სამი შვილი – სიმონი, ელისაბედი და ანდრია (ენდრიუ). საქართველოს შვილებთან ერთად პირველად “გლასტნოსტის” გამოცხადებისთანავე, 1989 წელს ეწვია. მთელი საქართველო დაათვალიერეს, მოინახულეს წინაპრების სასახლე ანანურში და ამერიკაში არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. ამის შემდეგ საქართველოს კიდევ ხუთჯერ ესტუმრა. ძირითადად იმ პროექტებს ამოწმებდა, რომელზეც ორგანიზაცია “საქართველოს ამერიკელი მეგობრები” მუშაობდა. შვილებმა მამისგან მემკვიდრეობით პროფესია, ინტერესები, ბუნების და სპორტის სიყვარული მიიღეს. სიმონი ვაშინგტონში გარემოს დაცვის ადვოკატია, ენდრიუ – პოლიტიკოსია, განათლებით ასევე იურისტი, ელისაბედი კი – მხატვარია. ის საქართველოში ხშირად აწყობს გამოფენებს და თან იელის უნივერსიტეტის ბიოკონსერვაციის საბჭოს წევრიცაა.
ქართველთა და ამერიკელთა წინაშე ვალმოხდილი კაცი, ნიუ–იორკის ყოფილი ვიცე–მერი და გარემოს დამცველი კონსტანტინე სიდამონ–ერისთავი 2012 წლის იანვარში ამერიკაში 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.