ნინო წილოსანი: ვუერთდებით გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას
„საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო უერთდება ქალებზე და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას, რომელსაც 25 ნოემბრიდან 16 დღის განმავლობაში ცივილიზებული სამყარო ატარებს”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, ამ დღეების განმავლობაში კიდევ უფრო ხმამაღლა და მკაფიოდ ისაუბრებენ ძალადობის გამომწვევ პრობლემებზე, ძალადობისგან დაცვის მექანიზმებსა და მისი დაძლევისთვის აუცილებელ ნაბიჯებზე.
„მსოფლიო შეთანხმდა, რომ გენდერული ნიშნით ძალადობა, დიდწილად, ქალების წინააღმდეგ არის მიმართული. ამ რეალობის აღიარებას და აღნიშნული პრობლემის მასშტაბს მოჰყვა მსოფლიოს მხრიდან რეაქცია, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა ცალკე მნიშვნელოვან საკვანძო საკითხად იქნა გამოყოფილი და ძალისხმევა ჩაიდო აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად. ძალადობის ამ საშინელი ფორმის დასამარცხებლად ოქროს მოდელი არსებობს – კანონმდებლობის სათანადო ცვლილება და მისი შემდგომი ეფექტურად აღსრულება, მენტალური ცვლილებები საზოგადოებაში ქალებთან დაკავშირებული როლების შესახებ, ასევე განათლების სისტემის მეშვეობით იმ სტერეოტიპული დამოკიდებულებების დამსხვრევა, რომელიც არსებობს და განუწყვეტელი რეფორმები. ყოველწლიურად საქართველოში 10 000-მდე შემაკავებელი ორდერი გამოიცემა და ათეულობით დაკარგული ქალის სიცოცხლე არ გვაძლევს მშვიდად ყოფნის საშუალებას, თუმცა, ჩვენს მიერ გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, დაწყებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან, სტამბოლის კონვენციასთან ჰარმონიზაციამდე და ამან მოგვცა მოცემულობა, რომ ყოველწლიურად შემაკავებელი ორდერების რაოდენობა მზარდია, რომელსაც ჩვენც და სექტორიც აფასებს დადებით ტენდენციად იმიტომ, რომ ძალადობა არ უნდა დარჩეს დაფარული, რადგან ძალადობის პირდაპირი მსხვერპლი არიან ქალები, მაგრამ ამავდროულად ძალადობის მსხვერპლი არიან ბავშვები”, – განაცხადა ნინო წილოსანმა და საზოგადოებას მოუწოდა გაერთიანებული ძალებით ებრძოლონ როგორც ქალთა მიმართ, ასევე ზოგადად ძალადობას.