კახა კალაძე: დასახლებულ უბნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაფარვის არეალი მნიშვნელოვნად გაიზარდა

დასახლებულ უბნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაფარვის არეალი 78%-დან 87%-მდე, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტევადობა 60%-ით, ჯამში, 84 060 ადგილამდე გაიზარდა. რაც შეეხება მოცდის დროს, ავტობუსების შემთხვევაში ის 28 წუთიდან 18 წუთამდე შემცირდა, ხოლო მეტროში 4-დან 2,5 წუთამდე. აღნიშნული მონაცემები დედაქალაქის მერმა დღეს, სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული მომდევნო ეტაპების პრეზენტაციაზე წარადგინა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ვითარების გაუმჯობესება 2018 წელს შემუშავებული სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპის განხორციელებამ გამოიწვია.

„დედაქალაქის მერიამ წარმოადგინა კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა იყოს მოწესრიგებული ეს ყველაფერი: სატრანსპორტო ქსელის განახლება და სინქრონიზაცია, ავტობუსების ჩანაცვლება და რაოდენობის ზრდა, ავტობუსის ზოლის მოწყობა, რაც ნიშნავს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე კომფორტული, სწრაფი და ხელმისაწვდომი, მიკროავტობუსების რაოდენობის მნიშვნელოვნად, შემცირება და მათი სრული განახლება, მეტროში 12 შემადგენლობის დამატება, ტაქსების რეფორმა, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვა, ასევე, ნაკადების მართვის „ჭკვიანი სისტემის“ დანერგვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აღნიშნული სამოქმედო გეგმის შესრულებულ ნაწილზე ისაუბრა.

„2022 წლიდან ამოქმედდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებული ქსელი. ამ ქსელზე დღესაც მიმდინარეობს დაკვირვება, რა გამოწვევებია, სად არის საჭიროება, დაემატოს ავტობუსი ან მიკროავტობუსი. სრულად ჩანაცვლდა ავტობუსები და მათი რაოდენობა 655-დან 860 ერთეულამდე გაიზარდა. ყველას გვახსოვს, თუ როგორი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ემსახურებოდა მოსახლეობას. მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ყვითელი ავტობუსები იყო უმძიმეს მდგომარეობაში, ყოველგვარი რესურსი ჰქონდა ამოწურული.
ძირგავარდნილი, ძირგამომპალი ავტობუსები ემსახურებოდა თბილისის მოსახლეობას. არავითარი კონდიცირება ან გათბობა. ეს იყო სერიოზული გამოწვევა. შემთხვევითი არ არის ის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა ძალიან დაბალი იყო. ამას აქვს თავისი მიზეზი – საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოუწესრიგებელი იყო. ქალაქის მასშტაბით დაიხაზა ავტობუსის 47-კილომეტრიანი განცალკევებული ზოლი. ეს რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ამ მიმართულებით კიდევ ვმუშაობთ, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა გადაადგილება შეძლოს ყოველგვარი შეფერხების გარეშე. სრულად განახლდა მიკროავტობუსების პარკი და დღეს ქალაქს 1000 მიკროავტობუსი ემსახურება. არ დავიწყებ იმის ახსნას, რა მდგომარეობაში იყო მიკროავტობუსები და როგორი გაუმართავი იყო. დღეს თბილისს ემსახურება, გამართული, მოწესრიგებული, ევროპული ტიპის მიკროავტობუსები. მათი რაოდენობა შემცირდა, თუმცა, გაიზარდა ავტობუსების რაოდენობა. მეტროს დაემატა 32, ხოლო კაპიტალურად შეკეთდა 79 ერთეული ვაგონი. მეტროს ჰქონდა ვაგონები, რომელთა შეკეთება და რეაბილიტაცია შესაძლებელი იყო და რა თქმა უნდა, ეს პროექტი განხორციელდა. 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ეტაპობრივად განხორციელდა ტაქსების რეფორმა, ხოლო 2019 წლიდან ამოქმედდა ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით ჯერ არ არის დანერგილი, მაგრამ ეტაპობრივად მივყვებით ქუჩების, რაიონების მიხედვით. ბევრია ქუჩები ცენტრალურ უბნებში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს შესაძლებლობა, სახლში დაბრუნების შემდეგ, საკუთარი ავტომანქანა საკუთარ საცხოვრებელთან გააჩეროს. შესაბამისად, ამ პროგრამის დანერგვა გაგრძელდება.
„ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის დანერგვის მიზნით გაფორმდა სასესხო ხელშეკრულება, რის შედეგადაც, აღნიშნული სისტემის სრული იმპლემენტაცია 2026 წლამდე მოხდება. ძალიან მნიშვნელოვანი და საკმაოდ ძვირადღირებული მიმართულებაა, მაგრამ ქალაქში ამ პროექტის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პრეზენტაციას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები