არაბი პრინცესა, რომელიც სიყვარულის გამო, სიკვდილით დასაჯეს
1960-იან წლებში საუდის არაბეთის სამეფოს მმართველი მოჰამედ იბნ აბდელ აზიზ ალ საუდი უნდა გამხდარიყო – იბნ-საუდის, სახელმწიფოს დამაარსებლის მეექვსე შვილი, მაგრამ მემკვიდრე პრინცი მაინც არ გახდა მმართველი. მისი უფროსი ძმის წნეხის გამო, რომელიც გამეფდა, ის იძულებული გახდა, ტახტი უმცროსი ძმისთვის, ხალიდისთვის დაეთმო. ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ მოჰამედს ცუდი ხასიათი ჰქონდა და სმა უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთში სპირტიანი სასმლის მოხმარება აკრძალულია, ვინ დაუშლიდა ამას თავად იბნ-საუდის ვაჟს?
თავისი რეპუტაციის მიუხედავად, მოჰამედი სახელმწიფოში მაინც ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ადამიანი იყო. მას ხშირად სთხოვდა რჩევას თავიდან მეფე ხალიდი, შემდეგ – მეფე ფახდი. გარდა ამისა, ია საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლებოდა. მას საერთო ჯამში 12 ცოლისგან 45 ვაჟი შეეძინა. ისინი სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრეები იყვნენ.
1958 წელს მოჰამედს შვილიშვილი ეყოლა, რომელსაც მიშალ ბინტ ფახდ ბენ მუჰამედ ალ საუდი დაარქვეს. გოგონა ნამდვილი ლამაზმანი და ყველასათვის საყვარელი იყო. ბავშვობიდანვე ის სიმდიდრეში იზრდებოდა, უარს არაფერზე ეუბნებოდნენ. თავად მეფე ხალიდი – გოგონას ალალი ბიძა – მას ხელის გულზე ატარებდა, მაგრამ საყოველთაო სიყვარულმა მისი მდგომარეობა მაინც არ შეამსუბუქა. მიშალს არ შეეძლო, საკუთარი ბედი განეკარგა. როგორც კი გოგონა წამოიზარდა, მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მას ერთ-ერთ მდიდარ ბიძაშვილზე გაათხოვებდნენ. კონკრეტულად ვისზე, მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი შთამომავლობის გაგრძელება იყო, ყველაფერი დანარჩენი – უსარგებლო ფორმალობა.
მშობლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, მაგრამ გოგონამ განაცხადა, რომ ქორწინებამდე უმაღლესი განათლების მიღება სურდა. მას უარი ვერ უთხრეს, ამიტომ სასწავლებლად ლიბანის უნივერსიტეტში გაგზავნეს. საუდის არაბეთში მაშინ ქალისთვის განათლების მიღების საშუალება არ არსებობდა. ეს კი არა, მაგალითად, თუკი გოგონას გააუპატიურებდნენ, მაშინ კანონის წინაშე პასუხის სწორედ ის აგებდა, ვინაიდან მან „პროვოცირება“ გაუწია მოძალადეს.
ლიბანში მიშალი მრავალრიცხოვანი დაცვისა და მსახურების გარემოცვასთან ერთად გაემგზავრა, მაგრამ 24-საათიანმა მეთვალყურეობამაც ვერ შეუშალა ხელი 19 წლის გოგონას, ვინმე შეყვარებოდა. მას საუდის არაბეთის ელჩის ვაჟი ხალედ ალ-შაერ მულჰალანი შეუყვარდა. საუდის არაბეთში ის უბრალოდ ადამიანად ითვლებოდა. პრინცესა მიშალის და ჰალედის რომანს თავიდანვე არ ჰქონდა არავითარი შანსი ბედნიერი ფინალისთვის. საუდის არაბეთის კანონების მიხედვით, ნიმისმიერი სქესობრივი კავშირისთვის ქორწინების გარეშე ადამიანებს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ. ის ფაქტი, რომ პრინცესა უცხო მამაკაცთან განცალკევდა, უკვე საკმარისი საბაბი იყო სკანდალისთვის.
რომანის დიდხანს დამალვა მათ ვერ შეძლეს. როდესაც მიშალი უკან დააბრუნეს, ის სასამართლოს წინაშე წარდგა. კანონის მიხედვით, ჩადენილი დანაშაული სულ მცირე 4-მა ადამიანმა უნდა დაამტკიცოს, მაგრამ პრინცესას საქმეში ასეთი ვინმე თეორიულადაც ვერ იქნებოდა. გარდა ამისა, მან თავადაც აღიარა, რომ ინტიმური კავშირი ჰქონდა. ეს ნამდვილად მოხდა, თუ გოგონას უბრალოდ პროტესტის გამოხატვა სურდა მკაცრი კანონების მიმართ, უცნობია. ის დამნაშავედ ცნეს. მამაკაცს სასიკვდილო განაჩენი მაშინვე გამოუტანეს, მაგრამ პრინცესაზე მაინც ორჭოფობდნენ. თავად მეფე ჰალედი იმის მომხრე იყო, რომ გოგონა შეებრალებინათ, მაგრამ ბაბუამ განაცხადა, რომ კანონდამრღვევი უნდა დასჯილიყო.
1977 წლის 15 ივლისს ჰალედი და მიშალი ცენტრალურ მოედანზე გამოიყვანეს. პროცესს ხელმძღვანელობდა თავად მოჰამედ ალ საუდი. ახალგაზრდები გაკოჭეს და ხალხის წინაშე წარადგინეს. ვინაიდან პრინცესა სამეფო ოჯახიდან იყო, ის ქვებით არ ჩაქოლეს. გოგონა მუხლებზე დააყენეს და თავში ტყვია ესროლეს. ჰალედს გაცილებით მძიმე განაჩენი ელოდა. როგორც წესი, სასიკვდილო განაჩენის აღსრულებისთვის პროფესიონალ ჯალათს იწვევენ, რომელიც დამნაშავეს ზედმეტი წვალებისგან იხსნის, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც სურთ, რომ გაცილებით მკაცრი გახადონ სასჯელი, მაშინ ამისთვის მოყვარულს იწვევენ. ახალგაზრდა მამაკაცისთვის თავის მოკვეთა მოჰამედის ოჯახის წევრს სთხოვეს, რომელსაც აქამდე არასდროს მოეკლა ადამიანი ასეთი გზით. საბოლოო ჯამში, ჰალედის თავის მეხუთე მცდელობის შედეგად მოკვეთეს. ძნელი წარმოსადგენია, თუ რას განიცდიდა ახალგაზრდა საკუთარი ცხოვრების უკანასკნელ წუთებში.
ამ ისტორიის შემდეგ ქალთა უფლებები საუდის არაბეთში კიდევ უფრო გამკაცრდა. მოჰამედ იბნ ამდელ აზის ალ საუდმა აღიარა, რომ არასდროს უნანია, თუ როგორ მოექცა თავის შვილიშვილს. მისი თქმით, ის, რომ გოგონა მარტო იმყოფებოდა უცხო მამაკაცთან, უკვე სერიოზული საბაბი იყო მის დასასჯელად.