ჯუანშერ ბურჭულაძე – „უახლოეს მომავალში უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო წარმოებას დავიწყებთ, მასობრივი წარმოება კი მომავალი წლიდან დაიწყება“
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებე“ უახლოეს მომავალში უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო ვერსიას მოამზადებს, რომლის მასობრივი წარმოება მომავალი წლიდან დაიწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ბიზნესში“ ისაუბრა.
„უკვე მოვახდენთ საავანსო ანგარიშსწორებას და დავიწყებთ უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო წარმოებას, რაც შეეხება მასობრივ წარმოებას, მომავალი წლიდან დაიწყება“, – აღნიშნა მან.
ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტებით, „დელტა-ვებე“ დააფუძნეს ტექნოლოგიის სპეციალისტებმა, რომლებიც მაღალ ტექნოლოგიებზე არიან ორიენტირებულნი. მან აღნიშნა, რომ ქართულ-პოლონური ერთობლივი საწარმო გეგმის მიხედვით ვითარდება. უპილოტო საფრენი აპარატების ქართულ-პოლონურ საწარმო „დელტა-ვებე“ შპს „დელტა ინტერნეიშენალ“-ისა და პოლონურ კომპანიას – „ვებე ელექტრონიქსს“ შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა.
აღნიშნულ საწარმოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების თემაზე ქართველი და პოლონელი პროფესიონალები ერთად იმუშავებენ.