პოლ ალენის კოლექცია „კრისტის“ აუქციონზე 1 მილიარდ 600 მილიონ დოლარად გაიყიდა, რომელიც მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება
ცნობილი ამერიკელი მაგნატის – პოლ ალენის (1953-2018) კერძო კოლექცია ნიუ-იორკის „კრისტის“ აუქციონზე, 9 და 10 ნოემბერს, 1 მილიარდ 600 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა.
პოლ ალენი, რომელიც „მაიკროსოფტის“ თანადამფუძნებელი იყო, ბილ გეიტსთან ერთად, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა და 20 მილიარდზე მეტის ქონება შექმნა. 2018 წელს ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის 44-ე ადგილს იკავებდა.
ალენი ბუნებით ქველმოქმედი იყო და მილიონობით დოლარს ხარჯავდა მეცნიერების, სპორტის, მედიცინის, ხელოვნების სფეროების განვითარებისთვის. მას ძალიან უყვარდა და დიდ სიამოვნებას ანიჭებდა მხატვრობის ნიმუშების შეგროვება. წლების განმავლობაში 150-ზე მეტი შედევრი შეიძინა, რომლის ღირებულება მილიარდ დოლარს აღემატებოდა.
ის სამართლიანად ამაყობდა შეძენილი სურათებით, თუმცა, იმასაც ამბობდა, რომ იგი მხოლოდ დროებითი დარაჯია ამ მშვენიერებისა და გულით ეწადა, რომ წლობით ნაგროვებ საგანძურს მისი სიცოცხლის შემდეგაც სასარგებლო საქმის გაკეთება შეძლებოდა. კერძოდ, ის გულისხმობდა პირადად მხარდაჭერილ უამრავ პროექტს, რომლის გაგრძელებას საფრთხე არ უნდა დამუქრებოდა. პოლ ალენის სურვილი იყო, მისი კოლექცია კრისტის აუქციონზე გასულიყო და შესული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარებოდა.
თანამედროვეობის გამოჩენილი ფილანთროპის გარდაცვალებიდან ოთხი წლისთავზე, ნიუ-იორკის „კრისტის“ აუქციონმა გასაყიდად გამოიტანა აღნიშნული კოლექცია, რომლისგანაც, სავარაუდოდ, მილიარდამდე დოლარს მოელოდნენ, სინამდვილეში კი გაცილებით შთამბეჭდავი შედეგი მოიტანა.
წლეულს, მაისში, ჰარი და ლინდა მაკლოუების გრანდიოზული კერძო კოლექცია 922 მილიონ დოლარად გაიყიდა ამავე სააუქციონო სახლში და დღემდე ეს ციფრი მსოფლიო რეკორდად ითვლებოდა. ექვსი თვის შემდეგ კი, 9 და 10 ნოემბერს დანიშნული გაყიდვების შედეგად პოლ ალენის კოლექციამ 1 მილიარდ 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რითაც, დღესდღეობით, მსოფლიოში ყველაზე ძვირად გაყიდულ კერძო კოლექციას წარმოადგენს. მათ შორის, ხუთი სურათის ფასი 100 მილიონ დოლარს გასცდა. 149 მილიონად გაიყიდა ჟორჟ სიორას „Les Poseuses, Ensemble”, პუანტილიზმის სტილში შესრულებული სამი შიშველი ქალის ფიგურა. პოლ სეზანის „სენტ ვიქტუარის მთაში” 137 მილიონ დოლარად, ვან-გოგის „კიპაროსებიან პეიზაჟში” – 117 მილიონად, პოლ გოგენის „დედობაში” 105.7 მილიონად, გუსტავ კლიმტის ნახატში -„არყის ხეების ტყეში” 104 მილიონი დოლარი გადაიხადეს.
საწყის ფასებთან შედარებით, ასევე, რეკორდულ ფასებად გაიყიდა კლოდ მონეს „ვატერლოოს ხიდი” (64.5 მილიონი), ლუსიენ ფროიდის „დიდი ინტერიერი” (86 მილიონი), ჯასპერ ჯონსის „კომპოზიცია” (55 მილიონი), ედუარდ მანეს „ვენეცია” (51.9 მილიონი), სანდრო ბოტიჩელის „მადონა” (48 მილიონი), პოლ სინიაკის „იალქნიანი ნავები” (39 მილიონი), ფრენსის ბეიკონის „ტრიპტიხი” (29 მილიონი), ჯორჯია ო’კიფის „თეთრი ვარდი” (26 მილიონი), ალბერტო ჯაკომეტის ქანდაკება (25 მილინი), დევიდ ჰოკნის „პეიზაჟი” (23 მილიონი), კანალეტოს „ვენეცია” (10 მილიონი), პაბლო პიკასოს „ქალის პორტრეტი” (9.4 მილიონი), პიერ ბონარის „ნატურმორტი ხილით” (6.6 მილიონი).
დიდი დანტერესება გამოიწვია და ასევე უმალ გაიყიდა სალვადორ დალის, ალექსანდერ კალდერის, პოლ კლეეს, ხუან მიროს, როი ლიხტენშტეინის, ჯეკსონ პოლოკის, ედვარდ ჰოპერის, თომას ბენტონის, ანრი ტულუზ-ლოტრეკის, ვასილი კანდინსკის, რენე მაგრიტის, დიეგო რივერას, მაქს ერნსტის, ანტონი ტაპიესის, გერჰარდ რიხტერის, დემიენ ჰირსტის ნამუშევრები.
ამიერიდან პოლ ალენის დიდი სიყვარულითა და გემოვნებით შეგროვებული კოლექცია სხვა მფლობელების კედლებზე გადაინაცვლებს, აწი ისინი იქცევიან ამ შედევრების დროებით დარაჯებად და, ვინ იცის, მათაც ქველმოქმედება დაისახონ მიზნად?!
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან