ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის წევრმა – ირაკლი ჩიქოვანმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში, სომხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი ურთიერთობების დინამიკა განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოში სომხეთისა და საქართველოს დელეგაციების თანამშრომლობასა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე.
„შეხვედრაზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, სომხეთის და საქართველოს დელეგაციებს შორის ურთიერთმხარდაჭერაზე ვისაუბრეთ. შევთანხმდით ჩვენს ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობასა და კოორდინებულ ურთიერთობაზე”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.