არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილის საკითხის უკრაინასთან დაკავშირება ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის წერილს გამოეხმაურა, რომლითაც შალვა პაპუაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მარტინუს ტაინი კოქსს მიმართა.
თალაკვაძის შეფასებით, წერილი არის იმის ხაზგასმა, რომ საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რჩება უპირობოდ ძლიერი, თუმცა, მიხეილ სააკაშვილის საკითხის უკრაინასთან დაკავშირება არის გაუგებარი და მიუღებელიც.
„მიუღებელია, როდესაც საქართველოში რუსეთის მთავარი მოკავშირე სააკაშვილი, რომელმაც ყველა ანტიევროპული საქმე გააკეთა – დაკარგა ტერიტორიები, დაარღვია ადამიანის უფლებები, ხელყო საკუთრების, დაარბია და დააპატიმრა მედია, იყოს რომელიმე რეზოლუციაში მოხსენიებული როგორც პუტინისა და რუსეთის მოწინააღმდეგე. პირიქით, ამ წლების განმავლობაში მან ყველაზე მეტი რუსული საქმე გააკეთა უახლეს ისტორიაში. ზუსტად ამას ეხება პარლამენტის თავმჯდომარის წერილი. ეს წერილი არის იმის ხაზგასმა, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რჩება უპირობოდ ძლიერი, თუმცა მიხეილ სააკაშვილის საკითხის უკრაინასთან დაკავშირება ჩვენთვის არის გაუგებარი და მიუღებელიც“, – განაცხადა თალაკვაძემ.