სვიმონ დადიანი – „ქართველი მოდილიანი“
გასული საუკუნის 50-იანი წლების ნიუ-იორკში, „Montess Galery“-ის გამოფენაზე, უცხო წარმომავლობისა და უცნობი გვარის ახალგაზრდა კაცმა სვიმონ (პეტრე) დადიანმა, რომელიც აფიშაზე ამერიკელ მხატვრად სახელდებოდა, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და საგანგებო პრემიაც დაიმსახურა.
ჟურნალი „Art gigost“ წერდა:
გამოფენაზე ექსპონირებული 19 მხატვრის ნამუშევარი წარმოდგენას გვიქმნის ამერიკის თანამედროვე ქანდაკებაზე… ამ შესანიშნავ გამოფენაზე არის განსაკუთრებული, სრულყოფილი ნამუშევრები“ (აქ მოხსენიებულია სვიმონ დადიანი). „დადიანის ნამუშევრებში გამოყენებულია სტილიზაციის მთელი სისტემა, რომელიც მოდილიანის სტილიზაციას მოგვაგონებს. მისი ქანდაკების დახვეწილი აბსტრაქტული ფორმები ადამიანის სხეულის ანატომიის ცოდნას ეფუძნება. ავლენს ავტორის იუმორის გრძნობას და განსაკუთრებული ძალით გადმოსცემს პიროვნების ხასიათის თავისებურებებს…
ამ გამოფენის შემდეგ შეერთებული შტატების საგამოფენო დარბაზებში პერმანენტულად იფინებოდა სვიმონ დადიანის ქანდაკებები და ფერწერული ტილოები.
სვიმონ დადიანი მხოლოდ და მხოლოდ ხუთი წლის იყო, როცა 1921 წელს, მშობლებთან და და-ძმებთან ერთად, საქართველო დატოვა ჩვენი ემიგრაციის ცნობილი მარშრუტით: ბათუმი – კონსტანტინოპოლი – მარსელი – პარიზი. იგი ცნობილი და პატივსაცემი ოჯახიდან იყო. მამა: კოკი დადიანი, სენაკის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი, მარშალი, ეროვნული მოღვაწე. დედა: მერი წერეთელი, იმერეთის მეფის სოლომონის შთამომავალი. ბებია (მამის დედა): თამარ შარვაშიძე, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, მიხეილ შარვაშიძის ასული და პოეტ გიორგი შარვაშიძის და.
როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, სვიმონ დადიანმა სამხატვრო განათლება ჯერ პარიზში მიიღო, შემდეგ შეერთებულ შტატებში და იქვე დარჩა საცხოვრებლად. II მსოფლიო ომის დროს იგი ევროპაში მოქმედ ამერიკელთა დესანტის შემადგენლობაში იბრძოდა გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ. და–ძმებისგან შორს ცხოვრობდა, მაგრამ მათთან ახლო ურთიერთობას ინარჩუნებდა. მამამისს, კოკი დადიანს ორი ქორწინებიდან ცხრა შვილი ჰყავდა. საზღვარგარეთ მეუღლესა და სამ უმცროს შვილთან ერთად (გიორგი, ქეთევანი (მია) და სვიმონი), მას გაჰყვა უფროსი ვაჟი – იუნკერი მიხეილ დადიანი. წლების შემდეგ ოჯახმა აღადგინა ურთიერთობა საქართველოში დარჩენილებთან. ორმოცდასამწლიანი განშორების შემდეგ სვიმონის უფროსმა დამ, ბაბო დადიანმა მოახერხა თავის და-ძმების მონახულება საფრანგეთში. სან-ფრანცისკოდან პარიზში საგანგებოდ ჩავიდა უმცროსი ძმა სიმონიკა (ცუცქა) დადიანიც…
ბაბო დადიანის ოჯახში დაცულ უცხოეთიდან გამოგზავნილ წერილებს შორის გამოირჩევა სვიმონ დადიანის ქართულენოვანი წერილები. თანამედროვე სალიტერატურო ენის გარდა, მას ძველი ქართული დამწერლობის შრიფტებიც შეუსწავლია.
გთავაზობთ ფრაგმენტებს სვიმონ დადიანის პირადი წერილებიდან:
ჩემო ბაბოშკა, შენმა ნახვამ, თუმცა ასე მოკლედ, წაშალა იმ ყველა წლის განშორება და ისე ახლოს მოგიყვანა, რომ ძნელი დასაჯერებელია… ახლა როცა წახვედი, სულ შენს ხსენებაში ვართ…
ჩემს სურათებს შენი შვილიშვილებისთვის ვაგროვებდი… გაჩუქებას ამის გამო გადავეჩვიე… იმდენი ნამუშევარი მომიგროვდა, დასადგომ ადგილს ვერ ვნახულობ…
შენ მალე შვილიშვილების ქორწილს დაესწრები. მე კი, თუ მეღირსა, მაშინ ლეკურს დავუვლი… და ეს ჩემი ბავშვობის მერე პირველად იქნება… სულ პატარა ვიყავი, ვთქვი, ლეკურს მარტო სამეგრელოში ვიცეკვებ-მეთქი. და ასე დარჩა…
ამას წინათ ვათვალიერებდი შენს გამოგზავნილ ღია ბარათებსაც. მარტვილის სურათები გამომიგზავნე, თუ იყოს…
ჩემი ნამუშევრებიდან ზოგი მომწონს, ზოგი არა, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რომ კეთდება. გემოვნება ვითარდება მუშაობაში და დიდ ხელოვანთა ნამუშევრების შესწავლაში. ამას დრო უნდა, მოთმინება და დიდი თავმდაბლობა…
…ოცნებაში გადავედი… იქნებ ჩემი ყოველი ნამუშევარი მამის (კოკი დადიანის) სახლში ერთად ეკიდოს ან ბაბუის (გიორგი შარვაშიძის) ზღვისპირა სახლში მოვათავსო… ჩემი წიგნებიც და ვინ იცის, კიდევ რამდენი ნამუშევარი…
სვიმონ დადიანს სან-ფრანცისკოში, თავის ბინაში ერთი მისთვის ძალიან ძვირფასი ნივთი ჰქონდა: უბრალო თიხის ქოთანი, რომელშიც მშობლიური სოფლიდან – ნოსირიდან წამოღებული მიწა იყო შენახული…
სვიმონი გარდაიცვალა 1974 წელს, სან-ფრანცისკოში, ორმოცდაჩვიდმეტი წლის ასაკში, სისხლის მძიმე სნეულებით. თავისი ავადმყოფობა ახლობლებისთვის არ გაუმხელია… არც დებისთვის, არც ძმებისთვის… თითქოს უეცრად გაქრა მათი ცხოვრებიდან. დაკრძალეს სან-ფრანცისკოს ერთ ძველ, შორეულ სასაფლაოზე.
ფრაგმენტი გიორგი კალანდიას წიგნიდან „სვიმონ დადიანი – ქართველი მოდილიანის დაბრუნება“:
მისი უკანასკნელი საიდუმლო მხოლოდ ერთმა მეგობარმა ქალმა – ბეტსიმ იცოდა… გამოსათხოვარ წერილში სიმონიკა ნათესავებს სწერდა: “არასოდეს უსაყვედუროთ ბეტსის, რომ მან ის საიდუმლო შეინახა, რომელიც მე დავაფიცე. არ ჰქონდა აზრი. წლების მანძილზე უნდა დამემძიმებინეთ დარდით, რომელთანაც უძლურნი იქნებოდით. ჩემი ადვოკატი შეგატყობინებთ, სად არის შენახული ჩემი ნამუშევრები და თქვენ თანდათან შესძლებთ მიიღოთ ისინი. ჩემი ერთადერთი სურვილია, რომ არ ვიყო უსაზღვრო მწუხარების მიზეზი… ნუ დამწუხრდებით, მე არასოდეს მიყვარდა მწუხარება…
სვიმონ დადიანი 1950 წლიდან მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენებში. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენებია:
1953 – 29 ამერიკელი მხატვარი, მონტროსის გალერეა, ნიუ ორკი, აშშ.
1953 – ათი მხატვრის ნამუშევრები, Worth avenue-გალერეა, აშშ.
1952 – ხელოვნების მუზეუმი, სან–ფრანცისკო, აშშ.
1952 – იუკლენდის ხელოვნების გალერეა, აშშ.
1951 – ხელოვნების დიდი ცენტრალური გალერეა, ნიუ ორკი, აშშ.