“საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს, ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ, რის შემდეგაც ქუთაისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

გრიგოლ ნარსიას 5 ადვოკატი იცავს. უფლებადამცველებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფი უკვე მოინახულეს და აცხადებენ, რომ ნარსიას სახეზე დაზიანებები აღენიშნება. მათივე განმარტრბით, თავდამსხმელი ამბობს, რომ დაზიანება აყვანის დროს მიაყენეს, თუმცა მისი მტკიცებით, პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

ადვოკატების განმარტებითვე, დაკავებული ასევე ამბობს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ნამდვილი არ იყო და ხელნაკეთ ნივთს, შეშინების მიზნით იყენებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტიზა უკვე დანიშნულია და გამოძიება შედეგებს ელოდება.

გრიგოლ ნარსია ბრალის წარდგენას ქუთაისის სამხარეო პოლიციის განყოფილებაში ელოდება. ის 2 დღის წინ, თითქმის 9 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

ნარსია 19 სექტემბერს ქუთაისში მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიარაღებული შეიჭრა, 14 მძევალი აიყვანა და გამოსასყიდის სახით 2 მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები