ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედი live“-ის ეთერში თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტებზე ისაუბრა.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს დამატებითი ბიუჯეტი და ასიგნებებიც პროპორციულად მიმართული იქნება როგორც სამხედრო მოსამსახურის სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, ასევე თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე.

თავდაცვის მინისტრმა უწყების პრიორიტეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში დაფუძნებული კომპანია ნატოს სტანდარტის ტიპის შაშხანებს აწარმოებს.

მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა პოლონელებთან ერთად დაფუძნებულ საწარმოზე, რომელიც დრონებზე იმუშავებს. ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ავიაციის აღდგენის პროცესი გაგრძელდება.

„მივყვებით ამბიციურ გეგმას, რაც დავისახეთ ჩვენს ავიაციაში. ყველა ეტაპი წინსწრებით გვაქვს განხორციელებული და ჩვენი ავიაციის აღდგენა გაგრძელდება“, – განაცხადა მან.

ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, რომ მანიპულირება, თითქოს, 18 მილიონით შევამცირეთ ავიაციის ხარჯები, სიმართლეს არ შეესაბამება.

თავდაცვის მინისტრის თქმით, თავდაცვის სამინისტროს ათწლიან გეგმაში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განსაზღვრულია საჰაერო თავდაცვა და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ იგეგმება შესყიდვები, რაც კიდევ უფრო განავითარებს ამ მიმართულებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები