ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო.
უწყების ცნობით, შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანი – ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი მარკ მილი მასპინძლობდნენ.
რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე უკრაინაში არსებული ვითარება, ქვეყნის საჭიროებები და შესაძლებლობები, ასევე, სამომავლო პერსპექტივები და უკრაინის დასახმარებლად ნატო-ს წევრი თუ არაწევრი ქვეყნების შესაძლებლობები განიხილეს. საკონტაქტო ჯგუფი მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსეთის გაუმართლებელ და აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა შეხვედრაში მონაწილე მხარეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: „ჩვენ ვაპირებთ გავაღრმაოთ ჩვენი საერთო გადაწყვეტილება, დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მიწვევის საფუძველზე დაესწრო.
„შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო და განვიხილეთ უკრაინაში მიმდინარე სიტუაცია, ის შესაძლებლობები, სამომავლო პერსპექტივები, თუ რა შესაძლებლობებით შეიძლება, დაეხმარონ ნატო-ს წევრი თუ არაწევრი ქვეყნები უკრაინას. ეს ჯგუფი აქტიურად განაგრძობს მუშაობას და დაეხმარება უკრაინას შესაძლებლობების განვითარებაში“.
რამშტაინის საჰაერო ბაზაზე გამართულ შეხვედრაში 50-მდე თანამოაზრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობდნენ. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა მეხუთედ, ხოლო რამშტაინის ბაზაზე მეორედ ტარდება.