“ცხინვალის მიერ დაწესებულ შეზღუდვას ხელისუფლებამ ცივი გონებით უნდა შეხედოს“
ამას საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ცივი გონებით უნდა შეხედოს, რათა უფრო დიდ პროვოკაციაში ჩათრევა არ მოხდეს -ასე ეხმაურება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ცხინვალის ადმინისტრაციულ საზღვართან დაწესებულ შეზღუდვას და ფაქტს პროვოკაციად აფასებს.
რაც შეეხება აგვისტოს ომის წლისთავს, მინისტრის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა არ მოხდეს ხელახალი ესკალაცია და საქართველომ განახორციელოს თავისი უმთავრესი მიზნები.
“2008 წელს მოხდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც დღემდე გრძელდება. ძალიან სამწუხაროა, რომ მაშინ ვერ მოხდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების თავიდან აცილება. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ჩვენსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში, მაგრამ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ასევე დაგვანახა, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა საერთაშორისო თანამეგობრობასა და რუსეთს შორის ურთიერთობებში. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა არ მოხდეს ხელახალი ესკალაცია და საქართველომ განახორციელოს თავისი უმთავრესი მიზნები – ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის აღდგენა და ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია”, – აღნიშნა პეტრიაშვილმა.