იტალიის ქალაქმა გაგრასთან გაფორმებული შეთანხმება გააუქმა
იტალიის ქალაქმა ასიზიმ საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ქალაქ გაგრასთან გაფორმებული ე.წ. დამეგობრების შეთანხმება გააუქმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ასიზის გამგეობამ, იტალიის კანონმდებლობის შესაბამისად, გააუქმა ასიზისა და გაგრას შორის ე.წ. მეგობრობის შესახებ შეთანხმება.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ იტალიურ უწყებებსა და უცხოურ ინსტიტუტებს შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებართვის გარეშე ხელმოწერილ შეთანხმებას ძალა არ გააჩნია, ხელმომწერი მუნიციპალიტეტების მხრიდან მათი გაუქმებისგან დამოუკიდებლად. იტალიის საგარეო უწყება ცალსახად აღნიშნავს იტალიის სახელმწიფოს პოლიტიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის თაობაზე.
“იტალიაში მოქმედებს კანონი. ამ კანონის მიხედვით, ნებისმიერი საერთაშორისო ხასიათის ხელშეკრულება, რომელსაც გააფორმებს იტალიის რომელიმე ქალაქი, სოფელი თუ დაბა შეთანხმებული უნდა იყოს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრისთან და იტალიის ხელისუფლებასთან. ეს არის მოქმედი კანონი. შესაბამისად, თუკი სადმე რომელიმე მერი ან ნებისმიერი იტალიელი რაიმე სახის ხელშეკრულებას გააფორმებს, რაც არ ეთანხმება იტალიის ხელისუფლებას და არ არის შესაბამისბობაში იტალიის პოზიციასთან საქართველოსთან დაკავშირებით და იცით, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორული მთლიანობის უპირობო პატივისცემა, ავტომატურად მსგავსი სახის შეთანხმებები ბათილდება. შესაბამისად, გაგრის და ასიზის ე.წ. ხელშეკრულება გაუქმებულია”, – განაცხადა იტალიაში საქართველოს ელჩმა კახა სიხარულიძემ.