თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება სოცქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ასახულია ახალციხიდან გორის მიმართულებით სარკინიგზო ვაგონებით ტექნიკის ტრანსპორტირება
თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ასახულია ახალციხიდან გორის მიმართულებით სარკინიგზო ვაგონებით ტექნიკის ტრანსპორტირება.
როგორც თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, ეს ტექნიკა წარმოადგენს პირველი ქვეითი ბრიგადის საკუთრებას, რომელიც გეგმური ასეულის დონის საველე სწავლების შემდეგ ბრუნდებოდა ქალაქ გორში.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და რკინიგზის გამოყენებით აღნიშნულ პოლიგონზე წლებია გეგმური სწავლებების ფარგლებში ტექნიკის ტრანსპორტირება ხორციელდება.
თხოვნით მივმართავთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ მსგავსი შინაარსის ვიდეოების გავრცელებისგან, რაც საზოგადოებაში უსაფუძვლო პანიკას იწვევს. აქვე აღვნიშნავთ, რომ სწავლების შესახებ თავდაცვის სამინისტრომ დეტალური ინფორმაცია 12 მაისს გაავრცელა.