„ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით” სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობით “ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით” შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის სხდომაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა და მიმდინარე წელს კომისიის მიერ განხორციელებული საქმიანობა განიხილეს.
“კომისიის სხდომაზე განვიხილეთ სახელმწიფო პოლიტიკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში, ასევე წარმოვადგინეთ ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში 2014 წლის პირველი ნახევრისათვის. განხილულ იქნა ასოცირების შეთანხმებისა და რატიფიცირების კონტექსტში წარმოქმნილი ჩართულობის ახალი ინსტრუმენტები, რაც სამშვიდობო პროცესისათვის მნიშვნელოვან სტიმულად შეიძლება იქცეს. მათ შორის, მიმოვიხილეთ საქართველოს ხელისუფლების მზაობის შესაბამისად, როგორ გავრცელდეს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული სარგებელი ამ რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობაზე. სხდომაზე სახალხო დამცველის აპარატმა წარმოადგინა გარკვეული წინადადებები, რისი განხილვაც შედგა სამთავრობო კომისიის ფარგლებში. მოინიშნა სამომავლო გეგმებიც“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
კომისიის სხდომა წელიწადში ორჯერ იმართება და მასში 20-მდე სხვადასხვა უწყების წარმომადგენელი მონაწილეობს.