„ღმერთი რომ არსებობდეს, დედა ასე არ მოკვდებოდა“ – 16 წლის მარიუპოლელი კატიას ისტორია
16 წლის მარიუპოლელი კატიას ისტორიას, რომელმაც, ბომბების გამო, ყველა ნათესავი დაკარგა და მხოლოდ პატარა ძმის გადარჩენა მოახერხა, გამოცემა bykvu აქვეყნებს.
გოგონამ საშინელი რამ გადაიტანა: მისი დედა სარდაფში დაიღუპა, სადაც ისინი იმალებოდნენ, საკუთარი შვილების თვალწინ. მისი მამინაცვალი – კოლია ნაღმზე აფეთქდა, როდესაც დაღუპული მეზობლის ცხედარი გაჰქონდა გარეთ, რადგან ცხედარმა ხრწნა დაიწყო და საშინელი სუნი ასდიოდა.
ოჯახი შიმშილისა და სიცივისგან იტანჯებოდა. ერთ დღეს კოლიამ მტრედის დაჭერა მოახერხა, შეწვა ის ცეცხლზე, ჭამის მერე კი ყველას აღებინებდა.
„ძალიან მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ კვდება დედაშენი. ჩემი ძმა კი მიდიოდა მასთან და ეუბნებოდა: „დედიკო, არ დაიძინო, გაიყინები“… ის ისევ ისე დარჩა ნესტიან და ბნელ სარდაფში… დედა ბოლომდე უძლებდა, ჩვენს ევაკუაციამდე სამი დღით ადრე დაიღუპა“, – იხსენებს გოგონა.
ის, ასევე, ჰყვება თუ როგორ ცდილობდა უმცროსი ძმა, დაეცვა ირგვლივ არსებული სისასტიკისგან.
„ცხედრებს საშინელი სუნი აქვთ. ისინი ყველგან იყვნენ. მე ძმას თვალები დედის ყელსახვევით ავუხვიე, რათა ეს ყველაფერი არ დაენახა. სანამ მივრბოდით რამდენჯერმე კინაღამ გული ამერია“, – ამბობს გოგონა.
მარიუპოლიდან გამოღწევის შემდეგ მან თავის ბიძას დაურეკა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს. მაგრამ მან თავი მოიკატუნა, თითქოს, არ იცნობდა საკუთარ დისშვილს და არ იცოდა, რაზე იყო საუბარი. მოგვიანებით კი უცნობი ნომრიდან დაურეკა და უთხრა, რომ მისთვის და მისი ოჯახისთვის ეს საშიში იყო, ხოლო დედას უკვე ვეღარ დააბრუნებდა.
„მე აღარ მჯერა თქვენი ღმერთის. ის რომ არსებობდეს, დედა ასე არ მოკვდებოდა. ჩვენ ასე არ დავიტანჯებოდით. დედაჩემს არასდროს გაუკეთებია ცუდი“, – ამბობს კატია.
მიუხედავად ყველაფრისა, კატიას მარიუპოლში დაბრუნება უნდა და ცხოვრება იმავე ადგილას, სადაც ცხოვრობდა. როგორც ის ამბობს, ყოველდღე ჩავა ახალი სახლის სარდაფში და ყვავილებს ჩაიტანს.
„საშინელებაა, როდესაც ბავშვები ტირიან. ეს არავის უნდა ესმოდეს. ის ნაბიჭვ..ბი პოულობდნენ ხალხს სარდაფებში და კლავდნენ. გადარჩენილები ამბობდნენ, რომ რუსი სამხედროები ბავშვებს, მოხუცებს და გარდაცვლილებსაც კი აუპატიურებდნენ. თუკი ღმერთი არსებობს, რატომ დაუშვა ეს?“, – იხსენებს კატია.
„მინდა, რომ მოვკვდე, მაგრამ არ შემიძლია. ჩაეხუტეთ საკუთარ შვილებს, თორემ რომ აღარ იქნებით, მათ თქვენი სურნელიც დაავიწყდებათ. თუკი გავუძლებ ყველაფერს, გადავრჩები და შვილები მეყოლება, მათ ყოველ წამს ჩავეხუტები.“