„ხუთი წლის პატარა ყვიროდა, რომ სიკვდილი არ უნდოდა“ – რას ჰყვებიან მარიუპოლის თეატრში გადარჩენილები

როდესაც მარიუპოლი რუსულმა ბომბებმა ნანგრევებად აქციეს, ათასობით ადამიანი, ძირითადად, ქალები და ბავშვები, თავშესაფრის საძებნად თეატრში წავიდნენ. ეს საბჭოთა დროინდელი დიდი შენობაა, რომელიც ზღვასთან ახლოს მდებარეობს. 

გასულ სამშაბათს შენობაზე ბომბი ჩამოაგდეს, რამაც ის წამებში ნანგრევებად აქცია. ჩვენ დღემდე არ ვიცით, რამდენი ადამიანი დაიღუპა. ახლა გადარჩენილები პირველად ჰყვებიან, რა ხდებოდა იქ, როდესაც ბომბი აფეთქდა. 

ვლადისლავი 27 წლის ზეინკალია, რომელმაც თავისი გვარის დასახელება არ ისურვა. ის, სხვების მსგავსად, მარიუპოლის თეატრის შენობაში იყო. დილის 8 საათზე მეგობრების მოსანახულებლად მივიდა. როდესაც ყველაფერი აფეთქდა, შესასვლელთან იდგა. ის და სხვა გვერდზე მდგომები სარდაფში გაიქცნენ, შემდეგ კი, გაიგეს, რომ ხანძარი გაჩნდა. ირგვლივ ქაოსი იყო.

„საშინელება ხდებოდა. ერთ-ერთი დედა ნანგრევებს შორის თავის შვილს ეძებდა. ხუთი წლის პატარა კი ყვიროდა, რომ სიკვდილი არ უნდოდა. გული მისკდებოდა“, – იხსენებს ვლადისლავი.

ვლადისლავმა ირგვლივ ბევრი დასისხლიანებული ადამიანი დაინახა, ზოგიერთს კიდურები ჰქონდა გადატეხილი.

თეატრი, როგორც თავდასხმის სამიზნე

„სავარაუდოდ, იმ დილით თეატრს მხოლოდ ერთი ბომბი დაეცა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა მის დასანგრევად,“ – ასეთი დასკვნა გამოაქვეყნა McKenzie Intelligence Services-მა. ანალიტიკოსების აზრით, ბომბი პირდაპირ შენობის შუა ნაწილს მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ლაზერული სამიზნით იყო აღჭურვილი. სავარაუდოდ, თვითმფრინავიდან ჩამოაგდეს.

McKenzie Intelligence Services-ის აზრით, აფეთქების ბუნება მიუთითებს, რომ ბომბს მყისიერი მოქმედების ასაფეთქებლები ჰქონდა, ამიტომ გადახურვა სარდაფსა და პირველ სართულს შორის უვნებელი გადარჩა. დარტყმის სიზუსტის მიხედვით, თეატრი თავდასხმის მიზნად იყო არჩეული.

ამერიკულმა კომპანია Maxar-მა თანამგზავრის მიერ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ თეატრის წინ იყო გაკეთებულია წარწერა „ბავშვები“. მისი შემჩნევა ნებისმიერი თვითმფრინავიდან იყო შესაძლებელი.

რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თეატრი არ დაუბომბავთ. ზოგადადაც, უარყოფენ, რომ იერიში სამოქალაქო პირებზე მიაქვთ, მიუხედავად ფაქტების ამსახველი უამრავი ფოტო-ვიდეო მასალისა.

ანდრეი მარუსოვი – ჟურნალისტ-გამომძიებელი მარიუპოლიდან და ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა უკრაინის“ ყოფილი ხელმძღვანელი – თეატრს აფეთქებამდე ორი დღით ადრე ეწვია.

„ყველამ იცოდა, რომ იქ ბავშვები და ქალები იკრიბებოდნენ, იქ მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა იყო“, – იხსენებს ანდრეი.

რამდენი ადამიანი გადარჩა თეატრში

დღემდე ბევრი უცნობი ფაქტია თეატრის დაბომბვის შესახებ. ითვლება, რომ იქ თავს 1000-ზე მეტი ადამიანი აფარებდა. მათი ნაწილი სარდაფში იყო, მაგრამ, როგორც ამბობენ, იყვნენ სხვებიც, ვინც გადავსებულ დერეფნებში და ზემოთ, სართულების სხვადასხვა ოთახში ცხოვრობდნენ. ადამიანების ნაწილი მუდამ თეატრში იყო, სხვები კი მიდი-მოდიოდნენ.

დაბომბვიდან მეორე დღეს მარიუპოლის მერმა განაცხადა, რომ თეატრის ნაგრევებიდან 130 ადამიანის ამოყვანა მოხერხდა. ამის შემდეგ კიდევ იყო შეტყობინებები გადარჩენილების შესახებ, თითქოს, იქ მყოფებიდან ბევრი გადარჩა, მაგრამ მას შემდეგ სხვა სიახლეები არ გავრცელებულა.

ხალხის ყვირილი ყველგან ისმოდა

იმ დღეს რუსეთის თვითმფრივანები მარიუპოლის ცაზე წრეებს ურტყამდნენ. მარია როდიონოვა, 27 წლის მასწავლებელი,  უკვე 10 დღის განმავლლობაში იყო თეატრში – იგი იქ თავის ორ ძაღლთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად. ბებია ბინაში დარჩა – მან კატეგორიული უარი თქვა წასვლაზე.

მარია და ძაღლები სცენასთან, შენობის უკანა ნაწილში დასახლდნენ. მან იმ დილით თეატრის მახლობლად მინდვრის სამზარეულოდან ძაღლებისთვის თევზის ნარჩენები აიღო, შემდეგ კი, გაახსენდა, რომ მათ წყალი არ ჰქონდათ. დაახლოებით, დილის 10 საათზე მარიამ ძაღლები ადგილზე დააბა და თვითონ თეატრის მთავარ შესასვლელთან მივიდა, სადაც ადუღებულ წყალს არიგებდნენ.

სწორედ მაშინ ჩამოვარდა ბომბი.

შემდეგ დამსხვრეული მინები ჩამოცვივდა. ამ დროს უცნობმა მამაკაცმა ის კედელს მიაბჯინა და ამოეფარა. აფეთქება იმდენად დამაყრუებელი იყო, მარიას ეგონა, რომ ყურის ბარაბნები გაუსკდებოდა. შემდეგ კი, მიხვდა, რომ ხმები ესმოდა.

„ხალხის ტირილი ყველა მხრიდან ისმოდა“, – იხსენებს მარია.

აფეთქების შედეგად, ერთი მამაკაცი ფანჯრიდან გადავარდა. მას სახე მთლიანად დამსხვრეული მინით ჰქონდა დაფარული. მის დასახმარებლად თავში დაჭრილი ქალი გამოვარდა. მარია უკრაინის წითელი ჯვრის მოხალისე იყო მარიუპოლში. ის უყვიროდა ქალს, გაჩერებულიყო.

„ვეუბნები, გაჩერდი, არ შეეხო! პირველადი დახმარების ჩანთა მაქვს, ახლა ორივეს მოგხედავთ“,- ვუყვიროდი ქალს.

თუმცა, მარიას პირველი დახმარების ჩანთა თეატრის სხვა ნაწილში დარჩა და იქ მისვლა შეუძლებელი აღმოჩნდა.

„შენობის შუაგული აღარ არსებობდა. მხოლოდ ნანგრევები, გასავლელი გზა არ იყო. უბრალოდ, ორი საათი ვიდექი, ვერაფერს ვაკეთებდი. შოკი მქონდა! “, -ამბობს მარია.

ის თვლის, რომ თეატრის შუაგულში, სადაც სცენა იყო განთავსებული და ადამიანები თავს აფარებდნენ, ყველა დაიღუპა. თავად მან გადარჩენა იმიტომ მოახერხა, რომ ზუსტად იმ დროს გამოვიდა წყლის ასაღებად.

აფეთქების შემდეგ მარია დიდხანს უყურებდა ნანგრევებს. რამდენიმე საათი გავიდა, სანამ მიხვდებოდა, რომ აზრი არ ჰქონდა ახალი თავშესაფრის ძებნას და ის, უბრალოდ, წავიდა. ცდილობდა, რომელიმე მანქანა მაინც გაეჩერებინა, რათა ქალაქიდან წასულიყო.

„ადამიანები პანიკაში იყვნენ, არავის უნდოდა ჩემი წაყვანა, მაგრამ მე ქალაქიდან უნდა წავსულიყავი“, -ამბობს ის.

მარია ზღვის სანაპიროს გაუყვა. თავიდან პესჩანოვში მივიდა. იქ შეხვდა ქალი, რომელმაც შეიფარა, დაალევინა ცხელი ჩაი, გამოკვება და ღამის გასათევი მისცა.

დილით მან გზა განაგრძო და სოფელ მელეკინამდე მივიდა, სადაც კომენდანტის საათი წამოეწია, რომელიც 20:00-ზე იწყებოდა. მომდევნო დღეს მარია იალტამდე მივიდა, კიდე ერთ დღეში კი, ბერდიანკში.

„მე გამუდმებით მივდიოდი“, – ამბობს მარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები