გენოციდი, მაროდიორობა, ცხედრები – როგორ დააღწია თავი მარიუპოლს ცნობილმა ფოტოჟურნალისტმა

63 წლის სერგეი ვაგანოვი და მისი მეუღლე ირინა გორბასევა ცნობილი დონეცკელი ფოტოჟურნალისტები არიან, რომლებმაც მარიუპოლში გადარჩენა მოახერხეს.

სერგეი ვაგანოვი, რომელიც რამდენიმე წლის წინ პენსიაზე გავიდა, საბჭოთა კავშირის დროს ყაზახეთში, ოფიცრის ოჯახში დაიბადა. ბავშვობა და ახალგაზრდობა მარიუპოლში გაატარა.

15 წელი მუშაობდა ორთოპედ-ტრავმატოლოგად, მაგრამ ოცნება აიხდინა და ჟურნალისტიკაში წავიდა. მუშაობდა დონეცკის გამოცემებში, თანამშრომლობდა ისეთ გამოცემებთან, როგორიცაა: Associated Press და France Press. 

2017 წელს მისი ფოტო, ფრონტის ხაზის სოფელ ვოდიანიდან, მარიუპოლის მახლობლად, წლის საუკეთესო ფოტოების სიაში მოხვდა. მასზე 59-ე ბრიგადის მებრძოლი ხელნაკეთი შტანგით ვარჯიშობს, რომელზეც, დისკის ნაცვლად, დამაგრებულია საარტილერიო ნაღმი.

ვაგანოვის ფოტო

სერგეი და ირინა უკრაინის რუსულენოვანი მოქალაქეები არიან, რომელთა „გადასარჩენადაც“ რუსები მოვიდნენ. ასეთი ძმური სიყვარული მათ მაშინაც არ მიუღიათ, როდესაც 2014 წელს დონეცკში „რუსული გაზაფხული“ მივიდა. მათ წასვლა მოუწიათ უკრაინის კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიაზე – მარიუპოლში. იქ შეეძლოთ, ღიად დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაზე“.

თუმცა, უფრო დიდი ომი, გაცილებით მძიმე ფორმით, მათ ზღვის სანაპიროზეც დაეწია. ბომბების სროლაში წყვილმა 18 დღე გაატარა, სანამ ბლოკადიდან გამოქცევას შეძლებდა.

სერგეიმ, ვისი ფოტოებიც ბევრს სხვადასხვა ქვეყანას უნახავს, ცეცხლმოკიდებული მარიუპოლიდან მხოლოდ მძიმე მოგონებები წამოიღო.

„მარიუპოლელების 10% დივერსანტებს იჭერდა, კიდევ 10% – თავად დივერსანტები იყვნენ. დანარჩენ 80%-ს კი შეეძლოთ მოეკალი, თუკი აგენტად მიგიჩნევნენ. 2017 წლიდან ოფიციალურად უმუშევარი ვარ. არ გამაჩნია არანაირი წოდება. ჩვენ საკუთარი ყოველდღიურობაც კი არ აღგვიბეჭდავს კამერაზე. აზრი? ჩვენ სიკვდილს ვაპირებდით“, – ამბობს ვაგანოვი.


ყველაფერი, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, სერგეი ვაგანოვის სიტყვებია სტატიიდან, რომლის ავტორიც ევგენი რუდენკოა


გენოციდი

„ომი ჩვენს ქალაქში, ისევე როგორც სხვაგან, 24 თებერვალს დაიწყო. გავიღვიძეთ, ვნახეთ ახალი ამბები: ბომბავენ კიევს, ხარკოვს, სუმს, ჩერნიჰივს…

ჩვენს ცენტრალურ რაიონში აფეთქებები და სროლები თავიდან იშვიათი იყო. ყველაფერი ნოვოაზოვსკიდან, აღმოსავლეთის მიკრორაიონიდან დაიწყო.

პირველი ორი დღე ახალ ამბებს თვალს ვადევნებდით, გვესმოდა სროლა, მაგრამ ეს, ზოგადად, ჩვენთვის ჩვეულებრივი რამ არის. დონბასში, ომის რვა წლის განმავლობაში, ჩვენ შევეჩვიეთ: შენ ხარ სანაპიროზე, თამაშობ ჩოგბურთს, უსმენ ტალღების ხმას და უცებ დაიგრუხუნებს.

შენ იცი, რომ იქ, შორს, ჩვენი ჯარისკაცები დგანან და მტერს ღირსეულად უკუაგდებენ.

იგივე განცდა მქონდა 24, 25, 26 თებერვალს, მაგრამ მალე მივხვდით, რომ ყველაფერი ძალიან სერიოზულად იყო. თავიდან გაირკვა, რომ ვოლნოვახაში მატარებლები აღარ მოძრაობდნენ. მერე ერთმანეთის მიყოლებით გაქრა დენი, კომუნიკაცია, წყალი, გათბობა, გაზი.

რუსებმა პავლოპოლში ორი სატუმბი სადგური გაანდაგურეს, რის გამოც ქალაქი 26-დან უწყლოდ დარჩა. შემდეგ მათ დაბომბეს მაღალი ძაბვის სადგური ნიკოლსკოეში, რითაც მარიუპოლს ელექტროენერგია და კომუნიკაციები შეუზღუდეს. 3 მარტს ისინი გაზგამანაწილებელ სადგურამდეც მივიდნენ.

ეს ყველაფერი მიზანმიმართულად გააკეთეს, რათა არაფერი დაეტოვებინათ და მერე გავენადგურებინეთ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნამდვილი გენოციდი.

მაროდიორობა

სანამ შუქი იყო, აფთიაქები და მაღაზიები ისევ მუშაობდნენ. იყო პროდუქტები, რიგები… ელექტროენერგიის გათიშვისთანავე მაღაზიები დაიხურა და მაშინვე გამოჩნდნენ მძარცველები.

როცა ხალხი მიხვდა, რომ გაზი არ იქნებოდა, უკვე განადგურებული მაღაზიებიდან ცეცხლის დასანთებად მაგიდების და თაროების გამოტანა დაიწყეს, რაზეც შემდეგ საჭმელს ამზადებდნენ.

ახლომდებარე კვარტალში გვაქვს დაუმთავრებელი საბავშვო ბაღი. იქიდან სამშენებლო პალეტები ამოიღეს, დაშალეს ფანჩატურები. ყველა კორპუსის შესასვლელთან დაიწყეს ღუმელების გაკეთება.

ერთ დილას ეზოში გავედით, დავინახეთ, რომ ხალხით იყო სავსე: ბაღიდან ხის ნივთები გამოჰქონდათ და დარაჯი მათ შეჩერებას ცდილობდა.

ახალგაზრდები ჭრიან ხეებს, ხერხავენ და წვავენ მათ.

ღამით გარეთ მინუს რვა გრადუსი იყო. ეს დარჩენილი პროდუქტების საღად შენარჩუნებაში გვეხმარებოდა, მაგრამ ძილი ტანსაცმლით გვიწევდა.

ცხედრები

არავის უნდოდა ევაკუაცია როსტოვის ოლქში. მარიუპოლში მცხოვრებმა რუსმა პატრიოტებმაც კი, რომლებიც თავიდან „აზოვის“ სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს (უკრაინელებს) ადანაშაულებდნენ – თქვენი ბრალია, თქვენ ისვრითო – დამოკიდებულება შეიცვალეს და უხაროდათ – ყოჩაღ, კარგად მოიგერიეთო.

ასეთ ადამიანებთან კამათში შესვლა საშიში და უსარგებლოა. მათ შორის, არიან ისეთებიც, რომელთაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ მხარე შეიცვალონ.

ის, რაც ახლა მარიუპოლსა და დონეცკში ხდება, მთელი რვა წლის განმავლობაში არ ყოფილა. დიახ, დონეცკს ბომბავდნენ დაუსახლებელ ადგილებში, მაგრამ ახლა აქ ნამდვილი სისხლიანი ომია. ისინი ამას ავიაციის საშუალებით ახორციელებენ.

რისთვის სჭირდებათ ეს ? საინტერესო კითხვაა..

ჩვენ ხომ ფაშისტები ვართ და ყველას სახლში „აზოვის“ შტაბი გვაქვს (ამბობს ირონიულად). რისთვის მოვიდა საერთოდ უკრაინაში?

ყველაფერი ეს უკრაინელი ხალხის გასანადგურებლადაა. სხვანაირად ამას ვერ შეაფასებ. მათ წინასწარი განზრახვით გათიშეს ყველა კომუნიკაცია. მათ ბაზარიც კი დაბომბეს. გაანადგურეს მთელი ჰუმანიტარული სფერო. ვერან იტყვის, რამდენი ადამიანი დაიღუპა იქ, ვერავინ.

ჩვენთან ვიღაც მამაკაცის ცხედარი რამდენიმე დღის განმავლობაში იდო, სანამ ის ყვავილნარში არ დაასაფლავეს – იქ მიწა უფრო რბილი იყო.

პოლიცია გვეუბნებოდა, რომ ცხედრები ცენტრალურ განყოფილებასთან მიგვესვენებინა, რომ ისინი დაერეგისტრირებინათ და შეძლებისდაგვარად დაეკრძალათ, მაგრამ სანამ იქამდე მივალთ, ალბათ, ხუთჯერ მოვკვდებით ტყვიების და ბომბების წვიმაში.

მეზობელმა მოგვიყვა, რომ დღეს ერთ-ერთი ბინა დაიწვა და მასთან ერთად, ბებიაც. მივიდნენ და ფანჯარა გამოაღეს – გარეთ სიცივეა და ეს გვამის გახრწნის პროცესს შეაჩერებს. სად უნდა წაეყვანათ?

რამდენიმე დღის წინ 14-სართულიან სახლს მოხვდა ბომბი. ვინ და რამდენი ადამიანი დაიღუპა  იქ? არ ვიცით. რამდენი ადამიანი დარჩა ახლა მარიუპოლში, თავის ბინაში, უცნობია. ჩვენს კორპუსში ტალღისებურად ჩნდებოდნენ და მერე მიდიოდნენ უცნობი ადამიანები. მათ დაკარგეს საცხოვრებელი სახლები მეზობელ რაიონებში და აქ გადმოცხოვრდნენ. ბინის ღირებულება მარიუპოლში დაკარგულია. უცხოებსაც კი უტოვებენ ბინის გასაღებს – იცხოვრე, სანამ აქაც არ მოფრინდება ბომბი.

გადარჩენა

თუკი მანქანა არ გყავს, ჩათვალე, რომ ეს – განაჩენია. ჩვენი ნაცნობი შვილთან ერთად მანგუშამდე ფეხით მივიდა. ეს 20 კილომეტრის სავალია. მათ გაუმართლათ, გადარჩნენ. პირველ დღეებში იყო რაღაც მოძრაობა – ადამიანები მიდიოდნენ. განსაზღვრული იყო შეკრების ადგილები ევაკუაციისთვის, მაგრამ არ იყო არანაირი კომუნიკაცია და არ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

ჩვენ მეგობარს ვეკონტაქტებოდით, ექიმს, ის დაგვპირდა, რომ თავისი მანქანით წამოგვიყვანდა. ის, მეუღლესთან და შვილთან ერთად, მარიუპოლის ცენტრალურ ნაწილში გადავიდა. კლასელმა მათ საკუთარი ბინა დაუთმო. ხანდახან ისინი მოდიოდნენ ჩვენთან, ხანდახან კი, ჩვენ – მათთან. დაგვპირდა, რომ წაგვიყვანდა. ჩვენ ძალიან გვეშინოდა მის გამო, რადგან მოხალისედ დადიოდა ცენტრში. ეხმარებოდა მათ წამლების და საკვების დარიგებაში.

14 მარტს, დაახლოებით, 16:30-ზე ჩვენთან მოირბინა და გვითხრა: „ჩასაბარგებლად სამი წუთი გაქვთ.“

ჩავსხედით მანქანაში და პრიმორსკის ბულვართან წავედით. რომ დავრჩენილიყავით, გადარჩენის შანსები არ გვქონდა.

მანქანაში ხუთი ვისხედით, ყველაფერი ჩანთებით იყო დატვირთული. ღამე მივედით ბერდიანსკში. ქალაქის შესასვლელში ბლოკპოსტი იყო. ისინი მშვიდად და თითქოს, თანაგრძნობით ამბობდნენ: „აი, ხომ ხედავთ, აქ სიმშვიდეა და ყველაფერი კარგადაა“. ასეთ მომენტში შეიძლება დაიჯერო კიდეც, რომ ისინი ნორმალურები არიან. ჩვენ მივდიოდით და გაოცებულები ვიყავით. ქალაქში ილუმინაციებიც კი იყო ჩართული. ჩვენ კი სინათლე ორი კვირა არ გვინახავს. სიჩუმე იყო, არავინ ისროდა.

სასტუმროში, ორადგილიან ლუქსში ჩვენ 1000 გრივნა გამოგვართვეს. ვიღებდით შხაპს, სიგარეტს ვეწეოდით და ტალღების შრიალს ვუსმენდით. გვესმოდა, რომ კრთოდა მარიუპოლი, რომელიც ჩვენგან 90 კილომეტრის დაშორებით იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები