როგორ რეაგირებს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ომზე
საპატრიარქო: „ძმათა მკვლელი კონფლიქტი“, გეი აღლუმები დონეცკში და ეროვნული გვარდიის კურთხევა
საპატრიარქოს პირველი განცხადება 24 თებერვალს ძალიან მოკლე იყო – პატრიარქმა კირილმა იმედი გამოთქვა, რომ „ყოვლისმომცველი უფალი დაიცავს რუს, უკრაინელ და სხვა ხალხებს, რომლებსაც ჩვენი ეკლესია სულიერად აერთიანებს“ და მოუწოდა ყველას, ილოცონ მშვიდობისთვის.
3 მარტს საპატრიარქომ სპეციალური ლოცვა გაგზავნა, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში მყოფ ყველა ეკლესიაში უნდა წაეკითხათ. ლოცვაში საუბარია „ძმური სიყვარულისა და მშვიდობის სულისკვეთებაზე“.
პატრიარქ კირილის ქადაგება წირვის შემდეგ, ფაქტობრივად, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალური პოზიციის გამოცხადებაა. პატრიარქმა პირველი ვრცელი ქადაგება 6 მარტს, შენდობის კვირა დღეს, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის მნიშვნელოვან დღეს წარმოთქვა. ქადაგების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო დონბასს და იმ ფაქტს, რომ არსებობს ფუნდამენტური უარყოფა „ე.წ. ღირებულებებზე, რომლებსაც დღეს გვთავაზობენ ისინი, ვისაც პრეტენზია აქვს, მსოფლიო ძალაუფლება მოიპოვოს“. პატრიარქმა გეი აღლუმს უწოდა გამოცდა ახალ სამყაროში გადასასვლელად.
9 მარტს პატრიარქმა კვლავ ისაუბრა „მესამე მხარეზე, რომელიც კონფლიქტებს იწვევს“ (იგულისხმება ნატო და ევროკავშირი) და ცალკე აღნიშნა პოლიტიკური ძალები „ახლო, მშობლიურ უკრაინულ მიწაზე, რომლებიც იყენებენ მტრის იდეას რუს ხალხთან მიმართებით”. ამავე ქადაგებაში ბოლოს მოიხსენიეს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის შემადგენლობაში შემავალი უკრაინის თვითმმართველი მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის, მიტროპოლიტ ონუფრის სახელი.
მიტროპოლიტი ონუფრი კონფლიქტის პირველივე დღიდან ცალსახად საუბრობდა, მოუწოდებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, დაუყოვნებლივ შეწყვიტა ძმათა მკვლელი ომი. მიტროპოლიტმა განსაკუთრებული სიყვარული და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის ჯარისკაცებს, რომლებიც საკუთარ მიწას იცავენ.
პატრიარქმა კირილმა თქვა, რომ „განსაკუთრებით ლოცულობდა მისი უნეტარესი ონუფრისთვის, რათა უფალმა იხსნას ეშმაკის ბოროტებისგან და შეუნარჩონოს იმის გაგების უნარი, რომ ნებისმიერი ომი ეშმაკის საქმეა”.
კირილს პირდაპირ არ მიუმართავს რუსეთის ჯარისკაცებისთვის, მაგრამ 13 მარტს, მაცხოვრის საკათედრო ტაძარში მორიგი წირვის შემდეგ, მან რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელს, გენერალ ვიქტორ ზოლოტოვს ხატი გადასცა და იმედი გამოთქვა, რომ, „ეს სურათი შთააგონებს ახალგაზრდა ჯარისკაცებს, რომლებიც ფიცს დებენ.“ უკრაინის ომში, რუსული არმიის მსგავსად, ეროვნული გვარდიის სამხედროებიც მონაწილეობენ.
საპასუხოდ, გენერალმა დაარწმუნა პატრიარქი, რომ „ეროვნული გვარდიის ჯარები შეასრულებენ ყველა დავალებას ამ სამხედრო კონტროპერაციის დროს“. წუხდა, რომ საქმე ისე სწრაფად არ მიდის, როგორც მათ სურდათ და იმედი გამოთქვა, რომ „ხატი დაიცავს რუსეთის ჯარს და დააჩქარებს გამარჯვებას“.
საპატრიარქოს ოფიციალურ ანგარიშებში ხაზგასმულია, რომ პატრიარქის მიერ ჩატარებულ საეკლესიო მსახურებას დაესწრო რუსეთის დელეგაციის წევრი უკრაინასთან მოლაპარაკებებში, სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ლეონიდ სლუცკი.
პატრიარქის ქადაგებებში ცნებების: „რუსული“ და „უკრაინული“ – გამოყენებასთან დაკავშირებით, გარკვეული დაბნეულობაა. 27 თებერვალს ქადაგებაში მან ისაუბრა „ჩვენს ხალხებს შორის კარგი, ძმური ურთიერთობების“ აღდგენაზე, ხოლო 9 მარტს მან უკვე განაცხადა, რომ „ორი მოძმე ხალხი შევიდა კონფლიქტში – მაგრამ სინამდვილეში ორივე ერთი, რუსი ხალხია“. 20 მარტს მან კიდევ ერთხელ დაადასტურა: „ჩვენ ერთი ხალხი ვართ – ეს არის ისტორიული და ღვთის ჭეშმარიტება“.
საეკლესიო ქველმოქმედება: „დონბასის დახმარებიდან“ „დაშავებული მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარებამდე“
თითქმის, ყველა ქადაგებაში პატრიარქი დევნილთა დახმარების აუცილებლობაზე საუბრობს. თავიდან მან განმარტა, რომ დონბასელ ხალხზე იყო საუბარი, მოგვიანებით კი, მათ რეგიონალურ კუთვნილებაზე საუბარი შეწყვიტა. ზოგიერთი ეპარქია უკრაინის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულებს 24 თებერვლამდეც უწევდა ჰუმანიტარულ დახმარებას, განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარია „დონბასიდან ლტოლვილებზე“.
3 მარტს საპატრიარქომ გაუგზავნა წერილი ყველა ეპარქიას „ლტოლვილებისა და დაშავებული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის“ დახმარების გაწევის თაობაზე, რეგიონის დაზუსტების გარეშე. პასუხისმგებელი ყველა ჰუმანიტარულ დახმარებაზე ეპისკოპოსი პანტელეიმონი გახდა, რომელიც ხელმძღვანელობდა საეკლესიო ქველმოქმედებისა და სოციალური მომსახურების განყოფილებას.
როგორც დეპარტამენტის პრესმდივანმა, ვასილი რულინსკიმ BBC-ის რუსულ სამსახურს განუცხადა, 21 მარტის მდგომარეობით, „რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია რუსეთში 19 000-ზე მეტ ლტოლვილს ეხმარება“.
„2022 წლის თებერვლიდან რუსეთის რეგიონებში, სადაც ლტოლვილები ჩამოვიდნენ, ეპარქიის დახმარების ცენტრები მოეწყო, მღვდლები სტუმრობდნენ დროებით განსახლების ცენტრებს და სულიერ დახმარებას უწევდნენ ხალხს. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის 41 ეპარქიის მოხალისეებსა და მოწყალების დებს ცხელი საკვები, ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების ნივთები მიაქვთ“, – თქვა რულინსკიმ.
ლტოლვილები, ასევე, სახლდებიან ეკლესიის საკუთრებაში არსებულ შენობებში. რულინსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პატრიარქ კირილის ლოცვა-კურთხევით, რუსეთის ეკლესიებსა და მონასტრებში დაიწყო თანხების შეგროვება ლტოლვილებისა და დაშავებული მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად.
კითხვაზე, ეძლევათ თუ არა დახმარება მხოლოდ დონბასიდან ლტოლვილებს, რულინსკიმ დარწმუნებით თქვა, რომ დახმარებას უწევენ „კონფლიქტის ზონაში ყველა დაზარალებულ მშვიდობიან მოქალაქეს.
„ეკლესია ეხმარება რუსეთში იძულებით გადაადგილებულებს. ჩვენ ვცდილობთ დახმარების გადაცემას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის თავად კონფლიქტის ზონაში – ხერსონის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის რეგიონებში“.
უცხოური სამრევლოები: „მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში მსახურების აუტანლობა“ და ჰუმანიტარული დახმარება
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის უცხოურ სამრევლოებში იმართება სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიება – ლტოლვილთა ტერიტორიული კუთვნილების მითითების გარეშე. ამსტერდამის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდლებმა „ერთხმად განაცხადეს, რომ მათთვის შეუძლებელი გახდა მსახურების შესრულება მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში“. ამის შესახებ განცხადება მრევლის ვებგვერდზე არის განთავსებული.
სამრევლო კრებაზე მღვდლებმა განაცხადეს, რომ მსოფლიო საპატრიარქოში გადავიდნენ.