„მივრბივარ დომინიჩკასთან, ვყვირი: დომინიჩკა, დომინიჩკა! ის წევს“ – ტრაგიკული ისტორიები მარიუპოლიდან

არტიომი საავადმყოფოს საწოლზე წევს და ჭერს უყურებს. მას ჩუმად უჭირავს ხელში პატარა, ყვითელი სათამაშო ტრაქტორი, ხოლო ექიმები მის მდგომარეობას აკონტროლებენ. ჭურვის ფრაგმენტი მას მუცელში მოხვდა. იმავე ჭურვმა, რომელიც რუსულმა ჯარებმა ისროლეს, მძიმედ დაჭრეს მისი მშობლები, ბებია და ბაბუა, როდესაც ისინი მარიუპოლიდან გაქცევას ცდილობდნენ. არტიომი სამი წლისაც არ არის.არტიომის გვერდით საწოლზე წევს 15 წლის მაშა, ასევე მარიუპოლიდან. მას მარჯვენა ფეხი ამპუტირებული ჰქონდა მას შემდეგ, რაც რუსული ჭურვი აფეთქდა.

როგორც ჩანს, მთელი იმ საშინელების შედეგებმა, რაც დაუნდობელმა დაბომბვამ მოუტანა იმ ადამიანებს, რომლებიც ალყაშემორტყმულ მარიუპოლში აღმოჩნდნენ, მეზობელ ქალაქ ზაპოროჟიეს რეგიონალურ ბავშვთა საავადმყოფოში მოიყარა თავი.

აქ ასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ფიზიკური ჭრილობები შეხორცდება, ფსიქოლოგიური ტრავმა კი, მათთან სამუდამოდ დარჩება.

ექიმებმა და გარდაცვლილი-დაშავებული ბავშვების გადარჩენილმა ნათესავებმა BBC-ის კორესპონდენტს სთხოვეს მათი ისტორიების მოყოლა.

„მაშა, რომელმაც ფეხი დაკარგა, იმდენად ტრავმირებული იყო, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში არ ჭამდა და არ სვამდა. ფსიქოლოგიურად ვერ უმკლავდებოდა მომხდარს. ჩვენ იძულებული გავხდით, ის ინტრავენურად გვეკვება”, – ამბობს ექიმი იური ბორზენკო, ბავშვთა საავადმყოფოს ხელმძღვანელი.

„და მეორე ბიჭმა, ექვსი წლის ბავშვმა, რომელიც ჩვენთან მოვიდა ტვინის ტრავმული დაზიანებით, ცრემლების გარეშე თქვა: „მე მძულს რუსეთი“,“ – დასძენს ექიმი.ის, რაც მარიუპოლში ხდება, ჰუმანიტარული კატასტროფაა. ქალაქის შენობების, დაახლოებით, 90% დაზიანდა ან განადგურდა. დრამატული თეატრის დაბომბვის შემდეგ, რომლის სარდაფში 1000-ზე მეტი ადამიანი იმალებოდა, მარიუპოლში დაბომბეს სამხატვრო სკოლის შენობაც, სადაც 400 ადამიანი აფარებდა თავს.

ვინც მოახერხა მარიუპოლის დატოვება, წარმოუდგენელ საშინელებაზე საუბრობს: ქუჩებში დაყრილ ცხედრებზე, დანგრეულ სახლებზე.

დნეპრის ცენტრში მდებარე კაფეში, რომელსაც, ასევე, ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის ჯარებმა, BBC-ის კორესპონდენტი ოქსანა ჰუსაკს შეხვდა. გასულ კვირას ოქსანა მეუღლესთან, ანდრეისთან და მშობლებთან ერთად გაიქცა მარიუპოლიდან დანაღმული გზებით, გაიარა ათეული რუსული არმიის საგუშაგო.

ერთი ჭიქა წყლის დალევა ახლა ოქსანას ფუფუნებად ეჩვენება მას შემდეგ, რაც ისინი მარიუპოლში პურის ნატეხის გარეშე ისხდნენ და წყურვილით იტანჯებოდნენ. ოქსანა და ანდრეი უარს ამბობენ ყავაზე და აცხადებენ, რომ მათ არ შეუძლიათ საკუთარი თავის განებივრება, სანამ მათი ნათესავები ჯერ კიდევ მარიუპოლის სარდაფებში სხედან.ანდრეი ამბობს, რომ ქალაქში არც წყალია, არც ელექტროენერგია, არც გათბობა, არც კომუნიკაცია, ამიტომ, გადარჩენის მიზნით, მათ სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ ქალაქი დატოვება ეცადათ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გავრისკეთ, მაგრამ იმ მომენტში მე არ მაინტერესებდა მარიუპოლში მოვკვდებოდი თუ გასვლის მცდელობისას. ჩვენ მივხვდით, რომ წასვლის შანსი უნდა გამოგვეყენებინა. რომ დავრჩენილიყავით, გადარჩენის შანსი ნულის ტოლი იქნებოდა”, – ამბობს ოქსანა.

ზაპოროჟიეს ბავშვთა საავადმყოფოში BBC-ის კორესპონდენტი შეხვდა უნუგეშო მამას, რომელსაც, თითქმის, მთელი ოჯახი ამოუწყვიტეს.

მისი ქალიშვილი ნატაშა – 26 წლის – და მისი 4 წლის შვილიშვილი დომინიკა დაიღუპნენ, როდესაც რუსული ჭურვი აფეთქდა თავშესაფართან, სადაც ოჯახი დამალვას ცდილობდა.

„მივრბივარ დომინიჩკასთან, ვყვირი: დომინიჩკა, დომინიჩკა! და ის წევს. მივდივარ ნატაშასთან, ვიხსნი სახვევს, შარფს, ფეხებს ვუხვევ. ჩემო საყვარელო გოგოებო, მე ვერ გიშველეთ”, – ამბობს ვლადიმირი. დომინიკა მაშინვე გარდაიცვალა, დედამისი – მიყენებული დაზიანებებისგან მეორე დღეს.

ვლადიმირი ცდილობს მტკიცედ დარჩეს მეორე ქალიშვილის, დიანას გულისთვის. ისიც მძიმედ დაშავდა აფეთქების შედეგად და ახლა ოპერაციას ელოდება.

თუმცა, ტკივილს ვერ მალავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები