ფოტოამბები მიწისქვეშეთიდან – კიევის მეტრო, როგორც თავშესაფარი

რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის პირველივე დღიდან კიევის მეტროპოლიტენში „მუდმივი მოსახლეობა“ გამოჩნდა. ეს ადამიანები მიწის ქვეშ დღესა და ღამეს ატარებენ – ისინი რუსეთის რაკეტებსა და ბომბებს ემალებიან.

კიევის მეტროპოლიტენის მშენებლობა 1950 წელს დაიწყეს, ცივი ომის დროს, როდესაც ბირთვულმა ძალებმა სწრაფად გაზარდეს თავიანთი არსენალი. ასე რომ, მეტრო თავიდანვე შეიქმნა არა მხოლოდ როგორც სატრანსპორტო საშუალება, არამედ – როგორც გიგანტური თავშესაფარიც.

ამჟამად, მეტროპოლიტენის ეს ფუნქცია გამოადგა მოსახლეობას: ქალაქის ხელისუფლებამ კიევის მოსახლეობას გამაფრთხილებელი სირენის პირველივე გაჟღერებისთანავე მოუწოდა, ჩასულიყვნენ მეტროსადგურში.

უკვე 24-25 თებერვლის ღამეს ათასობით კიეველმა მეტროსადგურების პლატფორმებზე გაათია ღამე. მეტროპოლიტენისა და მორიგე პოლიციის თანამშრომლები ღამით მეტროში განუწყვეტლივ ეხმარებიან მოქალაქეებს. მოგვიანებით, გადაწყდა, რომ თითოეულ სადგურზე თითო მატარებელი დაეტოვებინათ და ვაგონები ღამის გასათევად გამოეყენებინათ.

მათ სძინავთ ლეიბებზე, საძილე ტომრებში, დასაკეც საწოლებზე, საბნებზე.

თითქმის ერთი თვეა, რაც მიწისქვეშა ვესტიბიული მიმდებარე სახლების მცხოვრებთა „მძინარე კოლონიად“ იქცა.

ტატიანას ოჯახი შედარებით ცოტა ხანია, რაც მეტროში ღამეს ათევს. მანამდე, ისინი დაბომბვისგან თავს საკუთარ ბინაში იცავდნენ.

„ძალიან შეგვეშინდა, როცა ჩვენმა ძაღლმა აფეთქებების შემდეგ სლოკინი დაიწყო. ვიფიქრეთ, იქნებ ძაღლი გრძნობს საფრთხეს? და წავედით მიწისქვეშეთში”, – ამბობს ტატიანა, რომელიც მეტროსადგურში ღამეს მეუღლესა და 19 წლის ვაჟთან ერთად ათენებს. მისმა 30 წლის ქალიშვილმა გადაწყვიტა, ღამე სახლში დარჩენილიყო.

ეკატერინა ორი პატარას დედაა. მათ ურიკებში სძინავთ.

„ბავშვები რომ არა, მე და ჩემი მეუღლე სახლში დავრჩებოდით, მაგრამ გადაწვყვიტეთ, რომ მათი სიცოცხლით გარისკვა არ შეიძლება. განგაშის სიგნალისას ვიწრო ლიფტში მათი ეტლებით ჩაყვანას ვერ მოვახერხებთ და თავშესაფრამდე ვერ მივაღწევთ. ამიტომ, უკვე მესამე კვირაა, ღამეს აქ ვათევთ. მეუღლე დღისით პროდუქტებისთვის გადის, მე ბავშვებთან ვრჩები. უკვე გვინდა, რომ სახლში არა მხოლოდ ორი წუთით შევირბინოთ, არამედ სამუდამოდ დავრჩეთ“, – ამბობს ეკატერინა.

მოხალისეები ეხმარებიან – მიაქვთ საკვები და წამლები. წყლისთვის ხალხი თავად დადის უახლოეს წყაროსთან, პარკში. ქალაქის ხელისუფლებამ მეტროსადგურებზე ე.წ. თერმოპოტები დააყენა, რომელთა მეშვეობითაც, ხალხს ნებისმიერ დროს შეუძლია ცხელი წყლის მიღება.

ნატალია ოჯახის გარეშეა და ღამეს მეტროში ათევს

„ხანდახან დავდივარ სახლში – ის გზის მეორე მხარესაა. ვიღებ შხაპს, ვიცვლი ტანსაცმელს და ყოველ ჯერზე სტრესს ვგრძნობ: სახლში კომფორტია, აქ – უსაფრთხოება. თან, სახლში დარჩენა მინდა, თან, აქ წამოსვლაც.

აქ ახალი მეგობრები გავიჩინე – ერთმანეთს ვეხმარებით და ერთად გვჯერა უკრაინის გამარჯვების. სხვანაირად არ შეძლება“, – ამბობს ნატალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები