კახა კალაძე: „თბილსერვის ჯგუფი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველაფერს აკეთებს, რომ, პირველ ყოვლისა, ცენტრალური გზა იყოს მოწესრიგებული

თბილისის მერი, კახა კალაძე – მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, წყნეთში გზის გაწმენდის სამუშაოებს გაეცნო და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, თბილისის ქუჩები თოვლისგან 24-საათიან რეჟიმში იწმინდება და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უპრობლემოდ გადაადგილდებოდეს.

„ზედა წყნეთში, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გზის გაწმენდის სამუშაოები. პარასკევს დაიწყო თოვა და დღესაც არ გადაუღია. ამ დღეების განმავლობაში, მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, როგორც ცენტრალური გზის, დაწყებული გვაქვს ასევე მეორადი ქუჩების მოწესრიგება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უპრობლემოდ გადაადგილდებოდეს. ტექნიკა მუშაობს. სრულად გაწმენდილია ბეთანიაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „თბილსერვის ჯგუფი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველაფერს აკეთებს, რომ პირველ რიგში, ცენტრალური გზა იყოს მოწესრიგებული.

„მინდა, „თბილსერვის ჯგუფის“ თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ სამუშაოებში, ასევე, კონტრაქტორი კომპანიები, ვინც ტექნიკით უზრუნველყოფას აკეთებს. თუ არის დარჩენილი ისეთი მეორადი ქუჩები, სადაც ჯერ მოვახერხეთ შესვლა, ამისთვის ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რადგან „თბილსერვის ჯგუფი“ მართლაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველაფერს აკეთებს, რომ პირველ რიგში, ცენტრალური გზა ყოფილიყო მოწესრიგებული.

პატარა ტრაქტორებით შევდივართ მეორად ქუჩებზე და ვაწარმოებთ მათ გაწმენდით სამუშაოებს. მეორად ქუჩებზე არის პატარ-პატარა პრობლემები, რადგან შეუძლებელია ერთდროულად ყველა ქუჩაზე შესვლა, ყველა პატარა ქუჩის და ჩიხის მოწესრიგება. ამდენი ტექნიკაც არ არსებობს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა კი განაცხადა, რომ მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს ასევე მერიის ცხელი ხაზის, რათა შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება მაქსიმალურად მოხდეს.

„მუდმივ მონიტორინგს ვუწევთ მერიის ცხელ ხაზს. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, ყველა შემოსული შეტყობინება რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ, მივიდეთ ყველა მოსახლესთან და მაქსიმალური დახმარება გავუწიოთ“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი, დავით ფაჩულიაც იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები