„ადამიანებს ცხედრები გზასთან გამოჰქონდათ“ – რას ჰყვება ქალი დატყვევებული მარიუპოლიდან

უკვე მეორე კვირაა, მარიუპოლი – სიდიდით მეორე ქალაქი დონეცკის რაიონში – რუსების მიერ მოწყობილ ბლოკადაში იმყოფება. კრემლის ჯარისკაცებს სურთ, შტურმით აიღონ ქალაქი, ხოლო ადგილობრივები ცდილობენ, ქალაქი დატოვონ. მიუხედავად ამისა, ბევრი მათგანი ყოველდღიურად თავდასხმის ქვეშ რჩება. ისინი სარდაფებში არიან ისევე, როგორც ეს თეატრში ხდებოდა, სანამ რუსები ბომბს ჩამოაგდებდნენ. მარიუპოლის ამბებს ჰყვება ირინა, რომელმაც ორი დღის წინ მოახერხა წამოსვლა ქალაქიდან, სადაც არ არის არც კავშირი, არც წყალი, არც ელექტროენერგია. 

ყველას ესმოდა, რომ იქ საშიში იყო, მაგრამ არავინ გარბოდა

„სამ მარტს უნდა წამოვსულიყავით, მაგრამ,  სიმართლე რომ ვთქვა, მე არ მინდოდა წამოსვლა. მწამდა და ახლაც მჯერა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, რომ მარიუპოლს ვერ დაიპყრობენ, ვინაიდან იქ „რუსული მშვიდობა“, რომელსაც უკვე საერთოდ ვერავინ იტანს,  არავის სჭირდება. არა იმიტომ, რომ ჩვენ ბოროტები ვართ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაჩვენეს, რას ნიშნავს „რუსული მშვიდობა“.

ომის პირველ დღეს არავის სჯეროდა, რომ რამე სერიოზული მოხდებოდა, ყველა ფიქრობდა: ისვრიან რამდენიმეჯერ პერიმეტრზე და წავლენ. ქალაქში არავინ შემოვა. როდესაც ეს კოშმარი დაიწყო, ხალხი ყველაფერს მიხვდა. მერე ჩავთვალე, რომ უნდა დავრჩენილიყავი დასახმარებლად, ვინაიდან ბევრი ლტოლვილი იყო, ვინც ბინა საერთოდ დაკარგა.

ყველა ხვდებოდა, რომ საშიში იყო, მაგრამ ხალხი ქალაქიდან არ გარბოდა. ბევრს ესმოდა, რომ დახმარება იყო საჭირო. როდესაც ოჯახებმა წასვლა გადაწყვიტეს, ქალაქი უკვე დაკეტილი აღმოჩნდა, მას ალყა ჰქონდა შემორტყმული და ჩვენ არ გვიშვებდნენ. ერთ-ერთი კოლონა ცეცხლის ქვეშ მოყვა, რის შემდეგაც ყველას ეშინოდა სადმე წასვლის.“

კატასტროფა დაიწყო

„ელექტროენერგია 2 მარტს გამორთეს, გათბობა – თავიდანვე, 24 თებერვალს, ომის დაწყების დღეს. მობილური კავშირი დაიკარგა. რამდენიმე ადგილზე ჯერ კიდევ იჭერდა მომდევნო დღეებში, მაგრამ ინტერნეტი არ მუშაობდა. დაახლოებით, 6 მარტს გაზი გამოირთო. საერთოდ, ბევრი სახლი გვაქვს გაზის გარეშე, მხოლოდ ელექტროენერგიაზე, მაგრამ იქ ხალხი ისედაც ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.

კატასტროფა დაიწყო. ნაგავი არავის გაუტანია. ჩემს სადარბაზოში მორიგეობა დაწესდა, შეგროვდა მთელი საკვები და ერთი ადამიანი ამზადებდა ყველასათვის ცეცხლზე. ვწვავდით შეშას, მაგრამ მერე თოვლი მოვიდა და ხეები დანესტიანდა. ვპოულობდით ნებისმიერ რამეს, რაც ხისაა: ზოგმა ავეჯი მოიტანა, ზოგმა კიბე, რათა დღეში ერთხელ მაინც მოგვემზადებინა საჭმელი.

ჩვენს სადარბაზოში რამდენიმე კორპუსის მოსახლეობა ცხოვრობდა, ვინაიდან ორ მეზობელ კორპუსს ბომბი დაეცა და სარდაფები ნანგრევებით იყო სავსე. ჩემს სახლში გამაგრებული სარდაფი იყო, ამიტომ იქ ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი. ზოგს სადარბაზოში ეძინა, პირველ 2-3 სართულზე. „გრადი“ ჩვენს სახლსაც მოხვდა, მაგრამ აშკარად კარგი კედლები აქვს, ამიტომ აქ დავრჩით.“

მორგებში ადგილი აღარ არის

„ვერ ვიტყვი, რა იყო ყველაზე საშიში. ეს ყველაფერი საშინელებაა. ადამიანები, რომლებიც ასეთ ვითარებაში აღმოჩნდებიან, შიშს ვეღარ გრძნობენ. შეიძლება ნაბიჯსაც არ აუჩქარო, როდესაც შენს თავზე თვითმფრინავის ან რაკეტის ხმა გესმის. შენ რაღაც მიზანი გაქვს: მოიპოვო წყალი დიდ რიგში, რომელშიც საათობით გიწევს დგომა. ამ ყველაფერს უყურებ და ქალაქის ყველა ქუჩა გტკივა, სადაც ოდესმე გისეირნია, სადაც არცერთი მთელი გზა არ დარჩა, სადაც ადამიანები სადარბაზოებში იკრიბებიან, რათა ცხედრები გამოიყვანონ და დაკრძალონ სახლთან სადმე ახლოს, ვინაიდან შორს წასვლა არ შეიძლება. უბრალოდ, საძმო საფლავში აწვენ ადამიანს, რომლის იდენტიფიცირებაც კი არ შეგიძლია.

არც კი ვიცი, როგორ მიმდინარეობს დაღუპულთა აღრიცხვა. პირველ დღეებში სასწრაფო დახმარების მანქანებს აძლევდნენ მოხალისეებს და ისინი კრებდნენ გზებიდან დაღუპულებს. ადამიანებს ცხედრები გზასთან გამოჰქონდათ, ტოვებდნენ სკამზე და ისინი სასწრაფო დახმარებას მიჰყავდა, მაგრამ მორგში აღარ არის ადგილები. სასაფლაოზე შესვლას ვერ ვახერხებთ, ის ახლა დახურულია, იქ ოკუპანტები არიან.

მარიუპოლის მოსახლეობა ამ ვითარებამ გააერთიანა. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ უკრაინელები ვართ და ეს გვაძლიერებს. უყურებ ჯარისკაცებს და ხვდები, როგორ უჭირთ მათ, არ ნებდები, რადგან გინდა,  რაღაცით მაინც დაეხმარო. ეს ყველას ეხება, გარდა ცალკეული პირებისა, რომლებიც გაიქცნენ და მაროდიორები გახდნენ, მაგრამ ასეთებს ადამიანებადაც არ ვთვლი. უკრაინელები ერთმანეთს ეხმარებიან და ჩვენ ერთმანეთის წყალობით ვართ ცოცხლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები