დღეს რუსეთი ყირიმის „დაბრუნების“ 8 წლისთავს ზეიმობს – როგორ „მიიერთა“ კრემლმა უკრაინის ტერიტორია
არაკანონიერი რეფერენდუმის საშუალებით, უკრაინის ნახევარკუნძულის სტატუსის შეცვლა 2014 წლის 16 მარტს მოხდა. რუსეთს ამ დროს უკრაინა მიზანში ჰყავდა ამოღებული. საერთაშორისო საზოგადოება მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ „ყირიმის შეერთება“ უკანონოა.
ყირიმის ნახევარკუნძული დე ფაქტოდ შეიყვანეს ფედერაციის შემადგენლობაში როგორც ყირიმის ფედერალური ოლქი, რომელიც შედგება რუსეთის ფედერალური ორი ერთეულისგან — ყირიმის რესპუბლიკა და ქალაქი სევასტოპოლი. ანექსიას წინ უძღოდა ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ინტერვენცია და ოკუპაცია, რაც განხორციელდა მას შემდეგ, რაც 2014 წელს უკრაინაში მოხდა რევოლუცია — ხალხი აჯანყდა რუსეთის მიმართ ლოიალური პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის და მისი პარტიის წინააღმდეგ. ყირიმში ინტერვენცია იყო უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში ფართო მღელვარების ერთ-ერთი შემადგენელი.
22-23 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მთელი ღამის განმავლობაში მართავდა შეხვედრას უსაფრთხოების და სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან, რა დროსაც განიხილავდნენ ჩამოგდებული პრეზიდენტის, იანუკოვიჩის შესაძლო დახმარების სცენარებს. ამ შეხვედრის დასასრულს პუტინმა აღნიშნა: „ჩვენ უნდა დავიწყოთ ყირიმის რუსეთისთვის დაბრუნებაზე მუშაობა“. 23 თებერვალს რუსეთის მხარდამჭერი აქციები გაიმართა ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში. 27 თებერვალს შენიღბულმა რუსულმა ჯარებმა, რომელთაც მოხსნილი ჰქონდათ ყოველგვარი ამომცნობი ნიშანი, აიღეს ყირიმის უმაღლესი საბჭოს შენობა, დაიკავეს ყირიმის სტრატეგიული ობიექტები, რასაც მოჰყვა პრორუსული მთავრობის დანიშვნა აქსიონოვის თაოსნობით და ყირიმის დამოუკიდებლობის გამოცხადება.
დღეს მოსკოვში, კერძოდ, „ლუჟნიკის“ სტადიონზე „რუსეთთან ყირიმის მიერთების“ 8 წლისთავის აღსანიშნავი კონცერტი იმართება, რომელსაც „ყირიმის გაზაფხული“ უწოდეს. აღნიშნული ღონისძიებისთვის „ლუჟნიკის“ მიმდებარე ქუჩების გადაკეტეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ხალხის კონცერტზე მისაყვანად რუსეთი ხელისუფლება სხვადასხვა არაოფიციალურ ხერხს მიმართავს. აგიტატორები მეტროს ამოსასვლელებთან დგანან, ხალხს ჯგუფებად აკომპლექტებენ და კონცერტზე მიჰყავთ. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი სასწავლო დაწესებულება, კერძოდ, უნივერსიტეტების ადმინისტრაცია კონცერტზე წასულ სტუდენტებს საგნების ჩათვლას გამოცდებზე გასვლის გარეშე ჰპირდება. მათ, ასევე, გადაეცათ სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა მოიქცნენ კონცერტზე და რა არის აკრძალული. რაც შეეხება აკრძალვებს, კონცერტზე დაუშვებელია უკრაინის ნებისმიერი სიმბოლიკის მიტანა. დარბაზებში შესასვლელად მოწყობილია ე.წ. ტურნიკეტი, სადაც სტუმრებს იმაზე მეტად ამოწმებენ, ვიდრე საზღვრის გადაკვეთისას ნებისმიერ პირს.
სამართალდამცავები შესასვლელთან არიგებენ ე.წ. პატრიოტულ სიმბოლიკას წარწერით: „Za мир без нацизма! Zа Россию! Zа Президентa!“.