„ალბათ, ნანობდა, რომ ხელში ყუმბარა არ ეჭირა“ – მოხალისე, რომელიც შშმ პირთა ეტლში ჩაცხრილეს

ალექსანდრე კონონენკო 2014 წლიდან მოხალისე იყო. მას არ ჰქონდა ხელი-ფეხი, მაგრამ ჯარს მაინც ეხმარებოდა. ტყვეობაშიც მოასწრო ყოფნა და კეფაზე იარაღიც მიაბჯინეს, მაგრამ გადარჩა და სახლშიც დაბრუნდა. ამასთანავე, მან იცოდა, რომ თუკი რუსები დაბრუნდებოდნენ, მოკლავდნენ. ასეც მოხდა. ის 13 მარტს საკუთარ სახლში, შშმ პირთა ეტლში ჩაცხრილეს. 

გამოცემამ – „Украинская правда. Жизнь“ – შეაგროვა მისი მეგობრების მოგონებები იმის შესახებ, თუ როგორი იყო მოხალისე, რომელიც ოკუპანტების მსხვერპლი გახდა.

ალექსანდრე რკინის პროთეზის მეშვეობით გადაადგილდებოდა და ყავარჯენს ეყრდნობოდა. 16 წლის წინ მან მძიმე ტრავმა მიიღო საწარმოში – დაკარგა ფეხი და ხელი, მაგრამ, ადამიანები, ვინც საშას იცნობდნენ, ამბობენ, რომ ის სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობდა.

სეპარატისტების ტყვეობაში

2014 წლამდე ალექსანდრე დაკავებული იყო ავტომფლობელთა უფლებების დაცვით, ხოლო როდესაც ომი დაიწყო, აქტიურად ეხმარებოდა „აიდარის“ ბატალიონს, რომელიც მაშინ ლუგანსკის რეგიონში იბრძოდა. მოხალისეები საკვებს, წყალს და ჰიგიენის საშუალებებს ანაწილებდნენ სამხედროების პოზიციებზე. ერთხელ ისინი შემთხვევით მოხვდნენ სეპარატისტების ბლოკპოსტზე, სადაც საშა ტყვედ აიყვანეს.

ალექსანდრე ბლოკპოსტე თავად ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მომავალმა დე ფაქტო მინისტრმა დააკავა. იარაღს თავზე ადებდა და შემდეგ გვერდით ისროდა. ერთ-ერთი ასეთი გასროლის დროს მას ტყვია მხარში მოხვდა. 

ალექსანდრე ტყვეობაში ყოფნისასაც არ კარგავდა ოპტიმიზმს.

„ჩემგან ინფორმაციის მიღება უნდოდათ. და რა ვიცოდი მე? არანაირი საიდუმლო. რა უნდა მიეღოთ ჩემგან? ასე ვფიქრობდი: თუკი არ მომკლეს, ესე იგი, ადრე თუ გვიან გამიშვებენ.“

ჟურნალისტი ლუგანსკიდან, ალექსეი ბელოკობილსკი, რომელიც მის გვერდით იჯდა, ამბობდა, რომ კონონენკოს „ტერმინატორს“ ეძახდნენ.

„მას ერთი ხელი და ერთი ფეხი ჰქონდა, მაგრამ ამის გამო არ იყო ტერმინატორი, არამედ იმიტომ, რომ შეუდრეკელი გახლდათ“, – იხსენებს ჟურნალისტი.

მან ტყვეობაში 100 დღე გაატარა. შემდეგ, 2014 წელს, ტყვეების გაცვლის დროს ის მშობლიურ სევეროდონეცკში დაბრუნდა, თუმცა დიდხანს იქ არ გაჩერებულა –  ბედის საძებნელად ჟიტომირში წავიდა, სადაც ფერმერი გახდა.

ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ ალექსანდრეს ცხოვრებაში პრობლემები დაიწყო. ის ცოლს გაშორდა, მათი გზები გაიყო.

აკეთებდა ხაჭოს და ხარშავდა შურპას

რეჟისორმა,  მწერალმა და ჟურნალისტმა რუსლან გოროვოიმ ალექსადნრე 2014 წელს გაიცნო, როდესაც ის ტყვეობიდან გაათავისუფლეს.

გოროვოი ამბობს, რომ კონონენკო ძალიან ძლიერი ადამიანი იყო.

„როდესაც ალექსანდრეზე წერენ, რომ ის შშმ პირების ეტლში მოკლეს, მე არ ვეთანხმები. მასთან „შშმ პირის“  ხმარება ნამდვილად არ შეიძლება“, – ამბობს ჟურნალისტი ევგენი რუდენკო.

როგორც ის იხსენებს, ალექსანდრე ჟიტომირის რაიონში გაიცნო. მან პარტნიორთან ერთად ფერმა მოაწყო და ყველის წარმოება-გაყიდვა დაიწყო. ჟურნალისტმა ალექსანდრეს სახლში ღამე გაათია. ხედავდა, როგორ მწყემსავდა  მამაკაცი „რკინის ფეხით“ და ყავარჯნით თხებს, ფუსფუსებდა მეურნეობაში და ცეცხლზე შურპას ხარშავდა.

„მე მისი სულის სიმტკიცემ გამაოგნა. ყოველმხრივ ძლიერი ადამიანი იყო. როდესაც მას ვუყურებდი, საკუთარი სისუსტის მრცხვენოდა კიდეც“, – ამბობს ევგენი.

პროთეზით კილომეტრებს გადიოდა

გარკვეული დროის მერე ალექსანდრეს ლუგანსკში დაბრუნება მოუწია – პარტნიორთან კონფლიქტის მერე ბიზნესმა ნგრევა დაიწყო.

„გასული წლის ზაფხულში საშა ლვოვში დაბრუნდა და იქ ოთხი თვით დარჩა, მაგრამ ზამთრამდე დონბასში დაბრუნდა, დედასთან,“ – ამბობს რუსლან გოროვოი.

სვეტლანა დროზდმა, ქალაქ კოროპეციდან, საშა ზუსტად მისი მოგზაურობის დროს გაიცნო.

„ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში ერთმანეთს ვხვდებოდით. საშა სინათლეს ასხივებდა. მე ასეთ ადამიანებს შორიდანაც კი ვხედავ“, – იხსენებს ქალი.

საშას მეგობრები ამბობენ, რომ მას კილომეტრების გავლა შეეძლო თავისი პროთეზით, მაგრამ სიცოცხლის ბოლო დღეს თავისი თავის შველა ვერ მოახერხა. როდესაც 2022 წლის თებერვალში პუტინი უკრაიანას თავს დაესხა, საშა ადგილზე დარჩა. ფიზიკური მდგომარეობის გამო, ომში წასვლა ვერ შეძლო.

„ის წლების განმავლობაში სეპარატისტებს ებრძოდა, მას ემუქრებოდნენ, რომ მოკლავდნენ, მაგრამ დედა არ მიატოვა და სამხედროებს ეხმარებოდა“, – ამბობს რუსლან გოროვოი.

სიკვდილამდე ერთი დღით ადრე საშამ 12 კილომეტრი გაიარა სევეროდონეცკში, რათა სამხედროებისთვის საკვები და სიგარეტი ეყიდა და ბლოკპოსტზე გადაეცა. ქალაქში კი იმ დღეს „გრადები“ ცვიოდა.

„ჩვენ ტელეფონით ვსაუბრობდით, მესმოდა, როგორ გრძნობდა ის ახლა თავს, ამიტომ ბარათზე ფულს ვურიცხავდი. ის კეთილი ხმით მეუბნებოდა: „გამარჯობა, ბანდერა“. საშკა არავისში შეგეშლებოდა“,- ამბობს გოროვოი.

ამბობდა, რომ, ალბათ, ვერ გადარჩებოდა, თუკი რუსები მოვიდოდნენ

2022 წლის 12 მარტს ალექსანდრეს დედა სხვა სახლში წავიდა ღამის გასათევად, სადაც სითბო იყო. საშა მარტო დარჩა. ღამით მან პროთეზი მოიხსნა და სახლში სავარძლით გადაადგილდებოდა, რომელშიც ის საღამოს დახვრიტეს. როდესაც 13 მარტს მისი დედა სახლში დაბრუნდა, საშა ჩაცხრილული ნახა.

„ისე ეშინოდათ მისი, რომ საღამოს მოვიდნენ და მოკლეს. მე ვფიქრობ, რომ ეს ადგილობრივებმა გააკეთეს, მაგრამ ამის დამტკიცება არ შემიძლია. მათთვის საშა ყველაფერი იმის განსახიერება იყო, რაც სძულდათ – უკრაინის განსახიერება“, – ამბობს რუსლანი.

„როგორც მისი ყოფილი მეუღლე ამბობს, ყველზე საშინელი ისაა, რომ იმ მომენტში საშას ხელში ყუმბარა არ ეჭირა. ის მათ საკუთარ თავთან ერთად ააფეთქებდა“, – ამბობს გოროვოი.

ის, რომ ალექსანდრემ კარგად იცოდა, თუკი რუსები და სეპარატისტები სოფელს აიღებდნენ, თავად სიკვდილი ელოდა, ამას კიდევ ერთი მისი ნაცნობი – ფოტოგრაფი ალექსეი ხომენკო ადასტურებს.

ბოლო სატელეფონო საუბრის დროს საშამ თქვა, რომ, ალბათ, წავიდოდა ლვოვში ან პოლონეთში, სადაც მისი ქალიშვილი ცხოვრობს, მაგრამ ვერ მოასწრო.

„თუკი ისინი მოვლენ, მე აქ ყოფნას არ დამანებებენ. მე მათთვის ისე ვარ, როგორც ხარისთვის წითელი ნაჭერი. რამდენიმე ყუმბარა რომ მქონდეს, ვიცი, რასაც ვიზამდი. როდესაც ამიყვანდნენ, იმ ყუმბარას ხელში დავაჭერინებდი“, – იხსენებს ხომენკო საშას ნათქვამს.

ჯერჯერობით, საშას მეგობრებმა არც კი იციან, როგორ უნდა დაკრძალონ ის, ვინაიდან სოფელი, სადაც ის მოკლეს, ახლა ოკუპანტების ხელშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები