პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დანიელ კოლეგასთან, დანიის სამეფოს პრემიერმინისტრ მეტე ფრედერისკენსთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ორმხრივი ურთიერთობები და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები იყო პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და დანიის სამეფოს პრემიერმინისტრ მეტე ფრედერისკენს შორის გამართული სატელეფონო საუბრის მთავარი განსახილველი საკითხები.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოსა და დანიის სამეფოს პრემიერმინისტრებმა ყურადღება დაუთმეს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის. საუბრისას, ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ ოფიციალური განაცხადი გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე და ამ პროცესში მოკავშირეების მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
პრემიერმინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ გზაზე დანიის სამეფო საქართველოს გვერდით იდგება. ირაკლი ღარიბაშვილმა დანიის სამეფოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.