მამუკა მიქელაძე – მხატვარი ფიროსმანის და რუსთველის ქვეყნიდან
მხატვარ მამუკა მიქელაძეს დღეს 63 წელი შეუსრულდა
მამუკა მიქელაძე თანამედროვე ქართული მხატვრობის გამოჩენილი წარმომადგენელია, ვისი შემოქმედებაც ფართოდ არის ცნობილი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. მისი გამოფენები გაიმართა აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში, აზერბაიჯანში, რუსეთში, იტალიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში. მან ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მოაწყო 15 პერსონალური გამოფენა, მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტ ჯგუფურ ექსპოზიციაში. მოხატა ათი ეკლესია და ტაძარი საქართველოში და ერთი საფრანგეთში (პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარი).
იგი არის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი და მრავალფეროვანი მხატვარი დღევანდელ საქართველოში. მისი დაზგური თუ ფრესკული ხელოვნება გამოირჩევა მაღალი ოსტატობითა და ნატიფი გემოვნებით. მამუკა მიქელაძე უაღრესად თანამედროვე აზროვნებისა და განცდის ხელოვანია, რომლის სულის პრიზმაში გატარებული ნებისმიერი თემა თუ სახე–ხატი მკვეთრად პერსონალური დამოკიდებულებით ხასიათდება. მუდამ უჩვეულო ფორმათა და ფერთა ძიებას ესწრაფვის მისი წარმოსახვა. დიდი სითბო და სიყვარული იგრძნობა მხატვრის ტილოებიდან გარემომცველი სამყაროს და განსაკუთრებით ადამიანების მიმართ.
ადამიანად ყოფნის სიხარულსა და სევდას დასტრიალებს მხატვრის ფიქრი, ამ მხრივ იგი განსაცვიფრებელ სიახლოვეს და სულიერ ნათესაობას ავლენს გენიალურ ფიროსმანთან. ისიც ფიროსმანივით სუფთა და ალალ დამოკიდებულებას ინარჩუნებს ბუნებისა და ადამიანების მიმართ. მისთვისაც უზენაეს ხელოვნებად ადამიანის სიყვარული ქცეულა.
მამუკა მიქელაძის ხელით სრულქმნილი ფრესკები ქართული სულიერების ნამდვილი განძია და ამას ირწმუნებს ყველა, ვინც იხილავს ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის კარიბჭის მოხატულობას, ბოდბის დედათა მონასტრის სატრაპეზოს ფრესკებს, სოფელ ბიწმენდის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარს, საბურთალოს ძმათა სასაფლაოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას, დიღომში, კინოსტუდიის ეზოში მდებარე წმინდა ლაზარეს სახელობის ტაძარს, სოფელ კაკაბეთის ხარების ეკლესიას, სოფელ ჭრებალოს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას, სოფელ სალხინოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარს, რომლის მოხატვის პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს.
უდავოა, რომ მამუკა მიქელაძე ერთ-ერთი ყველაზე ხელხვავრიელი ხელოვანია თანამედროვეთა შორის. თუ ვიანგარიშებთ მის მიერ მოხატული ტაძრების საერთო პარამეტრებს, იგი რამდენიმე ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს, რაც უნიკალური მოვლენაა ქართული მხატვრობის ისტორიაში. მსგავსი ნაყოფიერება იშვიათია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის მხატვრული სრულქმნილება, რომელიც ასწლეულებს გადასწვდება და 25-ე საუკუნეშიც ფერუცვლელად შეინახავს მამუკა მიქელაძის მიერ უფლისადმი მოწიწებით მიძღვნილ შენაწირს. ეს სწორედ იმის ხილული მტკიცებულებაა, რომ სიცოცხლე მოკლეა, ხელოვნება კი მარადიული!
მამუკა მიქელაძე მართლაც რომ ბედის რჩეული, ერის და ბერის წინაშე ვალმოხდილი ხელოვანია. ასეულობით უმშვენიერეს ფერწერულ ტილოსთან და ფრესკებთან ერთად, აღსანიშნავია, რომ მან შექმნა მთელი რიგი საეკლესიო წმინდანების იკონოგრაფიები. მათ შორის არის: ნინო ვაჩნაძის, თამარ მარჯანიშვილის, მიხეილ საბინინის, გრიგოლ ფერაძის, ძმები კარბელაშვილების სახე-ხატები. მანვე თავის სხვა მონუმენტურ ფრესკებზე გააცოცხლა ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, ნიკიფორე ირბახის (იგივე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი), სულხან-საბა ორბელიანის და სხვა დიდი ქართველი მოღვაწეების იერსახეები.
განსაკუთრებით მონუმენტურია მისი გარჯა ბოდბეში, არქიტექტორ თემურ ბერიძის პროექტით აშენებულ წმინდა ნინოს სახელობის ვრცელ ტაძარში, რომლის მოხატულობა და მოზაიკა თავიდან ბოლომდე მამუკა მიქელაძის მიერ შესრულებული ესკიზებით შესრულდება.
მამუკა მიქელაძე ერთი დღით არ გაჩერებულა პანდემიის პერიოდში. მისი ესკიზით ზუგდიდში დაიდგა მოზაიკური სტელა. ვაკეში ფერისცვალების ეკლესიის სანათლავის მოზაიკაც მისი ესკიზით შესრულდა. სრულიად უნიკალური ამბავია ლიეტუვის ზარაფხანაში „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე შექმნილი სიუჟეტების დატანება ახალზელანდიურ ერთდოლარიან მონეტებზე.
პროექტის მენეჯერი და გრაფიკული დიზაინის ავტორია ივა ჯანეზაშვილი, ილუსტრაციები კი მამუკა მიქელაძემ შექმნა. „თინათინის გამეფება“ და „ამბავი ტარიელისგან ლომ-ვეფხვის დახოცვისა“ ორი სასაჩუქრე მონეტა უკვე არსებობს და კოლექციონერთა დიდ ინტერესს იწვევს, რაც, თავის მხრივ, საუკეთესო საშუალება საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის მთელ მსოფლიოში. ნუმიზმატიკა სრულიად განსხვავებული სფეროა, რომელსაც თავისი სტილი და კანონიკა გააჩნია. მისი ილუსტრატორი ბევრ კლიშეს უნდა დაემორჩილოს. მამუკა მიქელაძემ მართლაც ბრწყინვალედ გადაიტანა ამ ჟანრში რუსთველის უკვდავი ქმნილების სიუჟეტები და დიდი შემოქმედებით გამარჯვებაც მოიპოვა. თუმცა, მე ამ ფაქტში უფრო სასიამოვნო რეალობას ვხედავ. დიდი ცოდნისა და გამოცდილების მხატვარი სრულიად ბუნებრივად მივიდა „ვეფხისტყაოსნამდე“!
სამ ათეულ წელზე მეტია თვალყურს ვადევნებ მამუკა მიქელაძის შემოქმედებას და სულ მჯეროდა, რომ მას უნდა შეექმნა რუსთველის პოემის ილუსტრაციები. მე არ ვიცი, უშუალოდ როდის, რა მასალასა და ჟანრში გადაწყვეტს მხატვარი ამ ილუსტრაციების შესრულებას, მაგრამ ნუმიზმატიკურ ესკიზებში უკვე ცხადად ჩანს მარცვალი, რომელზეც უნდა აღმოცენდეს მორიგი სასწაული მამუკა მიქელაძის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები.
მამუკა მიქელაძე ისედაც არის ყველაზე ხშირად ნანახი მხატვარი თანამედროვე საქართველოში. რადგან ათი ტაძრის მომხატავს და ბოდბეში წმინდა ნინოს საფლავის ესკიზის შემქმნელ ხელოვანს ყოველწლიურად მილიონობით თვალი უყურებს. აშკარაა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების შემდეგ მამუკა მიქელაძის მნახველთა რაოდენობა გაცილებით მოიმატებს და დღევანდელ საქართველოში სავსებით ბუნებრივად იქცევა ყველაზე სახალხო მხატვრად.
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან