„სანამ ის დარბაზშია, მე არიას არ ვიმღერებ“ – ქართველი ტენორი, რომელმაც სსრკ-ს სახალხო კომისარს არ უმღერა
ნანობაშვილები წარმოშობით ქიზიყელები არიან, სოფელ ვაქირიდან. თავად მიხეილი თელავში დაიბადა. მამამისი იროდიონ ნანობაშვილი, ამიერკავკასიის რკინიგზის მღვდელი, ჩინებული ხმით იყო ცნობილი და ახალგაზრდობაში 1860-იან წლებში ეგზარქოსის გუნდში მღეროდა. მემკვიდრეობით მიღებული მუსიკალური ნიჭი მიხეილმა მუყაითი მეცადინეობით კიდევ უფრო გაზარდა. თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში სწავლის დროს მოსწავლეთა გუნდში სიმღერის გარდა, სპორტის სიყვარულითაც გამოირჩეოდა და კარგ ტანმოვარჯიშედ ითვლებოდა, მეგობრებთან ერთად ფეხდაფეხ დავლილი ჰქონდა მთელი საქართველო.
გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მშობლებმა პეტერბურგში გაგზავნეს განათლების მისაღებად. თავდაპირველად დედ–მამის ხათრით უნივერსიტეტში იურიდიულზე ჩააბარა, პარალელურად კი, კონსერვატორიაშიც (1896 წ.) მოსინჯა ძალები. მისმა მონაცემებმა მოწონება დაიმსახურა და იგი სახელმწიფოს ხარჯზე მიიღეს თავისუფალ მსმენელად. პირველივე ლექცია–გაკვეთილებმა დაარწმუნა, რომ სწორედ მუსიკა იყო მისი მოწოდება. უნივერსიტეტს მესამე კურსიდან მიანება თავი და სიმღერის შესწავლას შეუდგა პროფესორ გაბელთან.
1898 წელს მიხეილი პეტერბურგის მარია საიმპერატორო თეატრის მიერ გამოცხადებულ ახალგაზრდა მომღერლების კონკურსში მონაწილეობდა და მუსიკის მოყვარულთა ყურადღება მიიპყრო. კონკურსის შემდეგ “პეტერბურგსაკაია გაზეტა” აღნიშნავდა:
“დიდი ყურადღების ღირსია ტენორი ნანობაშვილი… მართალია ჯერ ნაკლებად იცის სიმღერა, მაგრამ სულ რაღაც 19 ან 20 წლის ახალგაზრდა კაცია და უმჯობესიც იქნება, რომ ერთი წელიწადი მოიცადოს და სიმღერას მოანდომოს. ხმა კი თანაზომიერი, ძლიერი და მშვენიერი აქვს. “ჟიდკოვას” ოპერიდან ელიაზარის რთული არია თავისუფლად, თითქმის ხუმრობით შეასრულა. ძალიან სამწუხაროა, თუ ეს მშვენიერი ხმა არმცოდნე კაცის ხელში ჩავარდება და დაიღუპება”.
საბედნიეროდ, მიხეილ ნანობაშვილს პედაგოგებში გაუმართლა. სტანისლავ გაბელთან ხანმოკლე მეცადინეობის შემდეგ კერძო გაკვეთილები აიღო პეტერბურგის კონსერვატორიის პროფესორ, უბადლო ვოკალისტ კაროლინა ფერნი ჯირალდონთან, რომელიც ძალიან ემადლიერებოდა თავის ქართველ მოსწავლეს.
1900 წლის ზაფხულში პროფესორმა ჯირალდონმა მიხეილი იტალიაში წაიყვანა. მილანში თავის ვაჟიშვილს, ცნობილ ბარიტონს, ევგენი ჯირალდონს წარუდგინა და მეცადინეობა გააგრძელებინა საუკეთესო მუსიკოსების ხელმძღვანელობით. იტალიური სკოლის კეთილისმყოფელი გავლენა მიხეილ ნანობაშვილის ნამღერს მალე დაეტყო. ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ რამდენიმე ხანს მილანის კერძო თეატრში მღეროდა დიდი წარმატებით. ასეთი დიაპაზონის მომღერალი მაშინ ძნელი საპოვნელი იყო. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, რომ ის თავისუფლად ფლობდა, როგორც ლირიკულ, ასევე დრამატულ რეპარტუარს. 1903 წელს უკვე პარიზში იყო, კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებებს ეცნობოდა, თან თავის საქმეებს აგვარებდა.
1906 წელს ნანობაშვილმა გაიცნო და თავისი ბედი სამუდამოდ დაუკავშირა ფრანგ პიანისტ ჟანეტ კენის, რომელთან ერთადაც მოგზაურობდა პროვინციებში და კონცერტებს მართავდა. ფონტებლოში წარმატებული გამოსვლის შემდეგ, 1907 წელს მიიწვიეს საკურორტო ქალაქ მონტე–კარლოში. გასტროლები ორ თვეს გაგრძელდა და მომღერალს საყოველთაო აღიარება მოუტანა. მონტე–კარლოს წარმატება გაამყარა სანტ–ეტიენის ერთთვიანმა გასტროლებმა და მიხეილ ნანობაშვილს გზა გაუხსნა პარიზის გრანდ–ოპერისკენ.
1908 წლიდან პარიზის “გრანდ ოპერის” მომღერალი იყო, მაგრამ გასტროლებზეც ხშირად დადიოდა. 1909 წლის მაისში ესტუმრა ქ. ლავალს, სადაც “ფავორიტ ქალში” შესანიშნავად იმღერა და მეორე ღამესვე დაბრუნდა პარიზში, რადგან ორშაბათს “თავად იგორის” გენერალური რეპეტიცია იყო დანიშნული. თანამემამულეებმა ისარგებლეს მიშელ დარიალის პარიზში ყოფნით და ქართულ საღამოზე მიიწვიეს, სადაც ქართულადაც იმღერა და აღტაცებაში მოიყვანა მსმენელი. 1910 წლის მარტსა და აპრილში არტისტულ ტურნეში იღებდა მონაწილეობას ბალკანეთის ზოგიერთ ქალაქსა და სტამბოლში. იმავე წელს, მეუღლითურთ, 2 თვით იყო საგასტროლოდ ალჟირში. წარმატება ყველგან ჰქონდათ, მაგრამ მატერიალურად მაინც უჭირდათ, სულ სამუშაოს ეძებდნენ. საქართველოშიც ცდილობდა რაიმე ადგილის შოვნას. 1910 წლის 12 ნოემბრით დათარიღებულ ბარათში იწერებოდა:
“ძვირფასო დედიკო, დღეს ალჟირიდან პარიზში მივდივართ. მოიწერეთ, თუ მანდ ისევ ფალიაშვილია დირიჟორათ და თუ რამე მოხერხდება, რომ წამოვიდე ერთი თვის ან სამი კვირის მერე”.
ბერლინში გასტროლების შემდეგ პეტერბურგს ეწვია, კონცერტები გამართა და კონტრაქტის დადება ეწადა, მაგრამ ვერ მოახერხა და საზაფხულოდ კისლავოდსკის მიაშურა სამღერლად. თბილისიდანაც უნუგეშო ამბავი მიიღო, ფალიაშვილი წერდა: “ალაგები სულ დაჭერილი გვაქვს და ვერას მოგცემთ”. საქართველოს 1911 წელს მაინც ეწვია. კონცერტები გამართა და მონაწილეობა მიიღო სახაზინო თეატრის წარმოდგენებში. 3 იანვარს იმღერა რაულის პარტია დ. მეიერბერის “ჰუგენოტებში”, ოთხი დღის შემდეგ – ფაუსტისა შ. ჰუნოს “ფაუსტში”. მისმა გამოსვლებმა ქართულ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია, ხალხი მას აღტაცებითა და მქუხარე ტაშით ხვდებოდა. შემდეგ ეწვია ქუთაისს, ბათუმსა და ბაქოს, სადაც საქველმოქმედო საღამოებში მიიღო მონაწილეობა. იმდროინდელ გაზეთებში მრავლადაა რეცენზიები მიხეილ ნანობაშვილის გამოსვლებზე. გაზეთი “ზაკავკაზსკაია რეჩი” იუწყებოდა:
“ჩვენი თანამემამულე უკვე გამოვიდა სახაზინო თეატრში რაულის და ფაუსტის როლში და თბილისელ მაყურებელთა სიმპათიების მოპოვება მოასწრო. არტისტს მოუწყვეს მქუხარე ოვაციები”.
“თემი” კი იტყობინებოდა:
“ნიჭიერი მომღერლის სახელი აქვს დამსახურებული მას პარიზში, ბუქარესტში, სტამბოლში, პეტერბურგში, მონტე–კარლოში, ნიცაში, სადაც ხშირად უმღერია. სიმპატიური მომღერალი გაზაფხულზე მიემგზავრება ხელახლა პარიზში, სადაც მაისსა და თიბათვეში მიიღებს მონაწილეობას რუსულ ოპერებში, რომელიც წარმოდგენილი იქნება ფრანგულ ენაზე”.
9 თებერვალს მომღერალმა უკანასკნელი, გამოსათხოვარი კონცერტი გამართა, თავისიანებს გამოემშვიდობა და საყვარელი სამშობლო დროებით დატოვა.
1911-1912 წლების სეზონზე მიხეილ ნანობაშვილი ამერიკაში მიიწვიეს, გამოდიოდა კანადის ქალაქებში – მონრეალსა და ტორონტოში, შემდეგ დაიწყო ისევ გაუთავებელი გასტროლები – მოსკოვი, ნიცა, პირინეის მთებში ქალაქი ლუსენი, ამერიკა, პარიზი, იტალია, თურქეთი, ესპანეთი და სხვა. ყველგან დიდი წარმატებით გამოდიოდა, მაგრამ საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობდა. 1920 წელს თბილისში იმ იმედით ჩამოვიდა, რომ სამშობლოში განაგრძობდა მოღვაწეობას, იმღერა ოპერებში: “მანონი”, “ტოსკა”, “ფაუსტი”, “ჰუგენოტები”, “კარმენი”… ყველა პარტია საუკეთესოდ შეასრულა და ოვაციებიც დაიმსახურა. შთაბეჭდილებას მისი გამოსვლის შესახებ კარგად გადმოგვცემს “ტენორის” ფსევდონიმით გამოქვეყნებული რეცენზია ჟურნალში “თეატრი და ცხოვრება”:
“ნანობაშვილის რაული “ჰუგენოტებში” (აპრილის 2) რაღაც არაჩვეულებრივი იყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი რაული დიდი ხანია არ უნახავს თბილისის საზოგადოებას. ეს ოპერა ისეთი ძნელი სასიმღერო და სათამაშოა, რომ მომეტებული ნაწილი მსახიობებისა ან სტოვებს, ან კრინით ამბობს იმ ადგილებს ოპერისას, სადაც საჭიროა ხმის სიმაღლე და სიძლიერე. ნანობაშვილმა უმთავრესი ყურადღება ამ ადგილებს მიაქცია. მან ისეთი ძლიერი ხმა გამოაჩინა, რომელსაც არ ელოდა და რომელმაც განცვიფრებაში მოიყვანა დამსწრე საზოგადოება”.
კოლეგებთან ერთად საკონცერტოდ დასავლეთ საქართველოშიც გაემგზავრა. 1920 წლის 15 ივნისს თბილისის საოპერო თეატრში ბენეფისი გადაუხადეს. შემოდგომაზე დედულ–მამული მოინახულა კახეთში. იმედებით იყო სავსე. ეგონა, რომ მეფის რუსეთის საქართველოში თუ ვერ დამკვიდრდა, დამოუკიდებელ საქართველოში მაინც მისცემდნენ ადგილს და შეიკედლებდნენ. მეუღლისა და ქალ–ვაჟის გადმოყვანაც ეჩქარებოდა, მაგრამ სამწუხაროდ მისი იმედები არ გამართლდა. მიშელ დარიალმა საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა საქართველოში, საერთო ენა ვერ გამონახა ოპერის თეატრის ადმინისტრაციასთან და ისევ უცხოეთს მიაშურა. 1921 წლის პირველ ნახევარში ქალაქ ბატცში, ნოემბერ–დეკემბერში კი ბარსელონაში იყო გასტროლებზე. “გრანდ–ოპერის” გარდა, პარიზის “კომედი ფრანსეზში” მღეროდა, მონაწილეობდა ქართული სათვისტომოს კულტურულ ღონისძიებებში, პოპულარიზაციას უწევდა ქართულ მუსიკას. უზომო ექსპლოატაციის მიუხედავად, ხმას მისთვის არასდროს უღალატია. 1935 წელს, 57 წლის ასაკში საგასტროლოდ იყო ბარსელონაში და რიმსკი–კორსაკოვის ოპერა “კიტეჟში” დიდი წარმატებით გამოვიდა.
სამწუხაროდ, არაფერი ვიცით მისი ცხოვრების უკანასკნელი წლების შესახებ, თუმცა დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი ბოლომდე სამშობლოს პატრიოტად დარჩა. ცნობილია ერთი ფაქტი მიხეილ ნანობაშვილის ბიოგრაფიიდან: 1921 წელს პარიზში ერთ–ერთ კონცერტზე უნდა ემღერა, წარმოდგენას კი სსრკ–ს საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისარი ლეონიდ კრასინი ესწრებოდა. ნანობაშვილი გავიდა სცენაზე და თქვა:
დღეს აქ იმყოფება იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელმაც სისხლში ჩაახშო საქართველოს თავისუფლება, ამიტომ სანამ ის დარბაზშია, მე არიას არ ვიმღერებო! მოხდა ისე, რომ დარბაზმა სტვენით გააძევა რუსეთის წარმომადგენელი…