ბათუმში, სასტუმრო “ჰილტონთან” შეკრებილი “ნაცმოძრაობის” წევრები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ
ბათუმში სასტუმრო “ჰილტონთან”, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, შეხვედრას გეგმავს, “ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის საკრებულოს წევრები აქციას მართავენ.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლაშა კილაბერია აცხადებს , ისინი „ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან შეხვედრას მოითხოვენ, მათ კონკრეტული კითხვები აქვთ გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძესთან დაკავშირებით.
„მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წევრებზე დაშინება და შანტაჟი მიმდინარეობდა, ბათუმის საკრებულოს უმრავლესობაში ვიმყოფებით. ჩვენ კოლეგაზე, ბათუმის საკრებულოს არჩეულ დეპუტატზე ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლა მოხდა “ქართული ოცნების” მიერ, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. ამის გამო პასუხისმგებლობას ვაკისრებთ “ქართულ ოცნებას”. აღნიშნულთან დაკავშირებით შეკითხვები გვაქვს ირაკლი კობახიძესთან“,- თქვა ლაშა კილაბერიამ.