კახა კალაძე: უკანონობა ვერ დაკანონდება

უსახლკარო ადამიანებს მინდა,  კიდევ ერთხელ, ადამიანურად ავუხსნა, რომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, მოგცეთ საშუალება და შესაძლებლობა, რომ იცხოვროთ ნორმალურ გარემოში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სამგორის რაიონშიბუკანონო მშენებლობებთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა და განმარტა, რომ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიწების მიტაცება და უკანონო მშენებლობა კატეგორიულად მიუღებელია.

„ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უკანონობა ვერ დაკანონდება. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმ ოჯახებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სოციალურად უჭირთ, საცხოვრებელი არ აქვთ თბილისში, რომელთაც უსახლკაროს სტატუსი აქვთ. მინდა, ამ ადამიანებს, კიდევ ერთხელ, ადამიანურად ავუხსნა, რომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, მოგცეთ საშუალება და შესაძლებლობა, რომ იცხოვროთ ნორმალურ გარემოში. ჩვენ გვაქვს პროგრამები, რომლებითაც ადამიანებს ვაძლევთ საშუალებას, გავიყვანოთ ქირით – ვისაც არ აქვს საცხოვრებელი ფართი, დროებით, ქირით გაგვყავს. პარალელურად, ვმუშაობთ იმაზე, რომ ადამიანმა მიიღოს უსახლკაროს სტატუსი – ცხადია, თუ მართლა უსახლკაროა. რა თქმა უნდა, მე არ ვსაუბრობ ისეთ ადამიანებზე, რომელთაც 3-3 ავტომობილი, სხვადასხვა რეგიონში მიწები და საცხოვრებელი ბინები აქვთ. მე ვსაუბრობ მართლა უსახლკარო ადამიანებზე. ასეთი ადამიანები ქირით გაგვყავს. პარალელურად, არის ახალი პროგრამა, რომელიც წინასაარჩევნოდ დავაანონსეთ – არცერთი უსახლკარო თბილისელი არ დარჩება საცხოვრებლის გარეშე. ყველას გადაეცემა მუნიციპალური საცხოვრისი და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნება. 400-მდე ასეთი ოჯახი გვყავს და მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ყველა დაკმაყოფილდება და ჩვენ ჩვენს დაპირებას შევასრულებთ. პროცესი დაწყებულია – ამ თვეში უკვე რამდენიმე ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე თვეში თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, სახელმწიფო მიწაზე უკანონო მშენებლობის რამდენიმე ფაქტი გამოავლინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები