2022 წლის წიგნის ქომაგი ვახტანგ ბერიძე გახდა

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ ტრადიციულად, წიგნის
საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე უკვე მეშვიდედ გამოავლინა და
დააჯილდოვა წლის წიგნის ქომაგი.

2022 წლის წიგნის ქომაგი ვახტანგ ბერიძე გახდა.

ვახტანგ ბერიძე შუახევის ლიტერატურული ფესტივალის „ზე-კართან“ დამფუძნებელია. მას ჯილდო ღონისძიების საზეიმო საღამოზე ასოციაციის თავმჯდომარემ, რუსუდან მოსიძემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, თინათინ ბერიაშვილმაგადასცეს.

წიგნის ქომაგის ჯილდო რეჟისორ ვახტანგ ბერიძეს მიენიჭა აჭარაში წიგნიერების პოპულარიზაციაში,
განათლების გავრცელებასა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში შეტანილი
უმნიშვნელოვანესი წვლილისათვის; 2013 წელს ლიტერატურული ფესტივალის „ზე-კართან“
დაარსებისთვის, რომელიც 2022 წელს უკვე მეათედ გაიმართება, და რომელიც არა მხოლოდ
თანამედროვე ქართველ ავტორებს მასპინძლობს, არამედ ბოლო წლებში საერთაშორისო მასშტაბებიც
შეიძინა; იმ დიდი ძალისხმევისთვის, რომლის წყალობითაც, პანდემიასთან დაკავშირებული
გამოწვევების მიუხედავად, ფესტივალის ტრადიციული ფორმით ჩატარება გასულ წელსაც მოხერხდა.
ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ 2013 წელს დაარსდა ვახტანგ ბერიძის ინიციატივით.
რამდენიმე წელში კი ფესტივალმა საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის სტატუსი შეიძინა.
„ზე-კართან“ ყოველწლიურად შემოდგომით იმართება შუახევში, ზემო აჭარაში. ამ დროისთვის
ფესტივალმა 350-მდე ავტორს უმასპინძლა. ფესტივალის მიზანია მაღალმთიან აჭარაში ხელი შეუწყოს
წიგნიერების გავრცელებას, ხოლო მიწვეულ სტუმრებს გააცნოს ადგილობრივი კულტურა და
ტრადიციები.

2016 -2017 წლებში, მაღალმთიან აჭარაში, ვახტანგ ბერიძის თაოსნობით, ჭვანის, ზამლეთის, უჩამბის,
შუბნის, ბარათაულის, ოლადაურის ბიბლიოთეკები გაიხსნა და აღიჭურვა ახალი წიგნადი ფონდებით.
ფესტივალ „ზე-კართან“ და იტალიის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალ “Xenia Book Fair“-ის
თანამშრომლობის ფარგლებში, იტალიურმა გამომცემლობამ გამოსცა წიგნი, სადაც ოთხი ქართველი და
ოთხი იტალიელი მწერლის ქართულ – იტალიური თარგმანები შევიდა.

შეგახსენებთ, რომ წლის წიგნის ქომაგის ჯილდო ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას
შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემა იმ ადამიანებს, პროექტებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის
განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას. პრემიის
უმთავრესი პირობაა, რომ დაჯილდოებული ადამიანი თუ ორგანიზაცია არ იყოს დასაქმებული წიგნის
სფეროში. ამას გარდა, ლიტერატურისა თუ საგამომცემლო სფეროს განვითარება არ უნდა იყოს მისი
უშუალო, პირდაპირი მოვალეობა. წინა წლებში აღნიშნული ჯილდო გადაეცათ: ნინო კასრაძეს (2021),
პროექტს ,,წიგნების თარო” (2020), მამუკა ხაზარაძეს (2019), თემურ ჩხეიძეს (2018), ფორმულა კრეატივს
(2017), ლევან ბერძენიშვილს (2016).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები