კალაძე: არსებობენ ადამიანები, რომლებსაც გაჭირვებასა და უსახლკარობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ და ცდილობენ, სახელმწიფო მიწები მიიტაცონ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი არავის მისცემს თაღლითობის და მიტაცებულ სახელმწიფო მიწებზე უკანონო მშენებლობის ნებართვას. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, იმ ადამიანებს, რომლებსაც ნამდვილად უჭირთ და უსახლკაროს სტატუსი აქვთ, მერია ყოველთვის დაეხმარება.

„კიდევ ერთხელ მინდა, გამოვეხმაურო იმ სამწუხარო ფაქტს, რაც დედაქალაქში ხდება. მხედველობაში მაქვს სახელმწიფო მიწების მიტაცება და უკანონო მშენებლობის განხორციელება, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. იმ ოჯახებსა და იმ ადამიანებს, ვისაც საცხოვრებლის პრობლემა გააჩნიათ, ვისაც აქვს უსახლკაროს სტატუსი, მე მივეცი პირობა, რომ უზრუნველყოფილნი იქნებიან მუნიციპალური საცხოვრისით. თუმცა, ცხადია, არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც გაჭირვებასა და უსახლკარობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ და ცდილობენ, სახელმწიფო მიწები მიიტაცონ. შემდეგ გამოდიან ტელევიზიით და საუბრობენ თავიანთ გაჭირვებაზე. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი გვქონდა ბოლო შემთხვევაში, როდესაც მიტაცებული იყო სახელმწიფო მიწები და დემონტაჟს ვახორციელებდით. ერთ-ერთი პიროვნება საუბრობდა საკუთარ გაჭირვებაზე მაშინ, როდესაც 2015 წელს მუნიციპალიტეტისგან მიღებული აქვს 356 000-ლარიანი დახმარება. ამ ადამიანს აქვს ასევე 3 საცხოვრებელი ბინა ვაკის რაიონში. არ იფიქროთ, რომ ვინმეს რაიმეს ვუთვლი. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ თაღლითობის საშუალებას არავის მივცემთ. ყოველთვის წინ აღვუდგებით უკანონობას. კანონი ყველასთვის არის ერთი. ისეთ ადამიანებს, ვისაც უჭირთ, ჩვენ მაქსიმალურად დავუდგებით გვერდით. მე ძალიან კარგად ვიცი, რა არის გაჭირვება, ძალიან კარგად ვიცი, რა არის წარმატება. ყველაფერი გამოვლილი მაქვს და გამოცდილი მაქვს საკუთარ თავზე. ასეთ ადამიანებს, ვისაც ჩვენი მხრიდან სჭირდებათ თანადგომა, მუნიციპალიტეტი, სახელმწიფო ყოველთვის გაუწვდის ხელს მანამ, სანამ არ მიეცემათ ნორმალური ცხოვრების პირობები”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები