დედაქალაქში დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთიანი სისტემა და ახალი სამგზავრო ტარიფები ამოქმედდა.
თბილისში იმოქმედებს 90-წუთიანი, 1-დღიანი, 1-კვირიანი, 1-თვიანი, 3-თვიანი, 6-თვიანი და 1-წლიანი აბონემენტები.
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განმარტავენ, რომ ერთჯერადად 90-წუთიანი ულიმიტო მგზავრობის ღირებულება 1 ლარს შეადგენს.
1-დღიანი აბონემენტი 3 ლარი ეღირება;
ულიმიტო 1-კვირიანი – 20 ლარი;
ულიმიტო 1-თვიანი – 40 ლარი;
ულიმიტო 3-თვიანი – 100 ლარი;
ულიმიტო 6-თვიანი – 150 ლარი;
ულიმიტო 1-წლიანი – 250 ლარი ეღირება.
აბონემენტების შეძენა მეტროს სალაროებსა და “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალებში იქნება შესაძლებელი.
ამასთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა შეეძლებათ თბილისში რეგისტრირებულ უსინათლო პირებს, მათ თანმხლებ და გამცილებელ პირებს, ასევე, მოსწავლეებს, უბნის ინსპექტორებს, ქალაქ თბილისის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანებს და სხვა.
რაც შეეხება შეღავათიან ტარიფებს, კალაძის თქმით, 20 თეთრით მგზავრობა შეეძლებათ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს, საჯარო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებს, პენსიონერებს, თბილისის საკუთრებაში არსებული პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმებს, უბნის პედიატრებს და ოჯახის ექიმებს, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე მანდატურებს და სხვა.
ასევე შეღავათიანი, 10-თეთრიანი მგზავრობის უფლებით სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული 70 000 და დაბალი ქულის მქონე, თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები.