კრწანისის რაიონის გამგეობა „ინშაათ საქართველოს“ მიერ დაუსრულებელი სკვერის დასასრულებლად ტენდერს აცხადებს

კრწანისის რაიონის გამგეობა „ინშაათ საქართველოს“ მიერ დაუსრულებელი სკვერის დასასრულებლად ტენდერს აცხადებს. როგორც გამგეობის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, აღნიშნულ კომპანიას ზემო ფონიჭალაში სკვერი 2020 წლის 15 მაისამდე უნდა დაესრულებინა, თუმცა „ინშაათ საქართველომ“ ვერ შეძლო ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის გამგეობასა და კონტრაქტორ კომპანია „ინშაათ საქართველოს“ შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 1483000 ლარს, ზემო ფონიჭალაში, კორპ. N2,3,7,9,11-ის მიმდებარედ, 2020 წლის ოქტომბრის თვეში კონტრაქტორმა კომპანიამ დაიწყო სკვერის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2020 წლის 15 მაისამდე.

შემდგომში, ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით, სამუშაოების შესრულების ვადამ გადაიწია 2021 წლის 14 აგვისტომდე. ვადის გაზრდის მიუხედავად, „ინშაათ საქართველომ“ ვერ შეძლო სამუშაოების დასრულება. ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კი, მათ ცალმხრივად შეუწყდათ ხელშეკრულება 2021 წლის 27 ოქტომბერს.

2022 წლის 28 იანვრისათვის ობიექტზე მთლიანად დასრულებულია გრუნტის დამჭერი რკინა-ბეტონის კედლების და კიბეების მოწყობა.

ნაწილობრივ დასრულებულია შემდეგი სამუშაოები:

სპორტული მოედნისა და სკეიტპარკის მოწყობა, გარე განათების, ელ. გადამცემი ხაზების და ბოძების მონტაჟი, ასევე, სარწყავი ქსელების მონტაჟი, ბაზალტის ფილებით კედლების და კიბეების მოპირკეთება, სკვერის სავალ ნაწილში ბეტონის ფილების დაგება, ველობილიკის, ამფითეატრის, პერგოლების მოწყობა, ლითონის კონსტრუქციებით შადრევნის მოწყობა, სუსტი დენების ქსელის მონტაჟი.

არ შესრულებულა შემდეგი სამუშაოები: საბავშვო ატრაქციონების, საქანელების და სასრიალოების მოწყობა, საყვავილეების მოწყობა, ფანჩატურების მოწყობა, ველოსიპედების გასაჩერებლისა და ღია ტიპის ტრენაჟორების მოწყობა. ასევე, დენდროლოგია (გამწვანება, ხეების და ბუჩქების დარგვა, ბალახის დათესვა) სკამების მოწყობა, კაუჩუკის საფარის მონტაჟი, შინაური ცხოველების სასეირნო ზონის მოწყობა.

ამ დროისათვის ქ.თბილისის მერიის უსაფრთხოების დაცვის სამსახური უზრუნველყოფს ობიექტის დაცვას. ამ ეტაპზე ცხადდება სახელმწიფო შესყიდვა სკვერის მოსაწყობად დარჩენილი სამუშაოების დასასრულებლად. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 1 118 845 ლარს.

კრწანისის რაიონის გამგეობა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და იმედოვნებს, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაკისრებულ ვალდებულებებს კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულებს,“ – აღნიშნულია გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები