ვიეტნამის ყველაზე ახალგაზრდა ფოტოჟურნალისტის ისტორია – 12 წლის ლო მან ჰუნგი
კადრი, სადაც ბიჭუნა საომარი მოქმედების დროს იღებს, სულაც არ არის დადგმული. ფოტო გადაღებულია 1968 წლის 18 თებერვალს საიგონში (დღევანდელი ხოშიმინი), ვიეტნამში. 12 წლის ბიჭუნა ფოტოაპარატით ყველაზე ახალგაზრდა ფოტოჟურნალისტია ვიეტნამში – სახელად, ლო მან ჰუნგი. ფოტოს გადაღების მომენტისთვის ის უკვე ორი წელი ეხმარებოდა თავის მამას, ვეტერანს და ფოტოგრაფს, აღებეჭდა დრამატული და სასტიკი მოვლენები ომისგან განადგურებულ ქალაქში. ალბათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და შემაძრწუნებელი სანახაობაა – პატარა ბიჭუნას ფიგურა, რომელიც ყველაზე სახიფათო ადგილებში მისასვლელად იბრძვის. ის გააზრებულად მიდის სასიკვდილო რისკზე. ამ დროს ახალგაზრდები უკანმოუხედავად გარბოდნენ, ის კი, პირიქით, ხიფათს ეძებდა..
12 წლის ლო მან ჰუნგი და მისი 58 წლის მამა, რომელიც ქუჩაში არეულობის დროს დაიჭრა, ძალიან საინტერესო წყვილი იყო – ყველაზე ხნიერი და ყველაზე ახალგაზრდა ფოტოჟურნალისტების.
ბიჭუნას მამა, ცნობილი ადგილობრივი ფოტოგრაფი ჩრდილოეთ ვიეტნამში დაიბადა, სწავლობდა ხელოვნებასა და ლიტერატურას ფრანგულ უნივერსიტეტში. საკუთარ ჰობის – ფოტოგრაფიას – მან მაშინ მიმართა, როდესაც ფული სჭირდებოდა.
მრავალი წლის განმავლობაში, ის მოგზაურობდა და ფოტოებს იღებდა ინდოეთსა და ჩინეთში, ხოლო 43 წლის ასაკში დაქორწინდა. რამდენიმე თვის შემდეგ ლო ვინმა, მეუღლესთან ერთად, ჩრდილოეთ ვიეტნამი დატოვა, გაექცა კომუნისტებს და გადასახლდა საიგონში.
ყოველ დილით ლო მან ჰუნგი მამასთან ერთად დილის 5 საათზე დგებოდა, რათა სამსახურში რაც შეიძლება ადრე მისულიყო, სამუშაოს კი, 9 საათის შემდეგ ამთავრებდა. შედარებით მშვიდ დღეებში წყვილი ქალაქში დადიოდა მოტოციკლით და სხვადასხვა თემატიკას აშუქებდა: ქორწილები, თვითმფრინავების მიმოსვლა, საზეიმო საღამოები, ხანძრები – ყველაფერი, რაც შესაძლოა ახალ ამბებში მოხვედრილიყო.
ბიჭუნა მამას ფოტოს გადაღების პროცესში ეხმარებოდა და ბეჭდავდა მათ, აგზავნიდა ადგილობრივ გაზეთებში და უცხოური ახალი ამბების სააგენტოებში. მისი პატარა, გამხდარი ფიგურა, როგორც ეხმარებოდა მუშაობაში, ისე ხელსაც უშლიდა. პოლიცია ხშირად აჩერებდა ბიჭუნას, მაგრამ ის წყნარად უხსნიდა მათ, რომ ის ფოტოგრაფის შვილია, აჩვენებდა აკრედიტაციას და წინ მიდიოდა. როგორც წესი, მას უშვებდნენ, მაგრამ ყოველთვის მაინც არა და ეს დიდ პრობლემას წარმოადგენდა – გაეგებინებინა სამართალდამცავებისთვის, რომ ის ნამდვილად ფოტოჟურნალისტი იყო. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, მის სიმაღლეში იყო რაღაც დადებითიც: ფოტოგრაფების ჭყლეტაში, სადაც ყველა ერთმანეთის გაწევას ცდილობდა, რათა მოვლენების ეპიცენტრში პირველი მისულიყო და დაეკავებინა საუკეთესო ადგილი კარგი რაკურსით, სწრაფი 12 წლის ბიჭუნა ამას ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ახერხებდა. ლო მან ჰუნგი ოთხზე ხოხვით აღწევდა სასურველ ადგილს და საუკეთესო პოზიციას იკავებდა. ამასთანავე, ის სხვას არასდროს უშლიდა ხელს, სიმაღლის წყალობით, და მუშაობის საშუალებას სხვასაც აძლევდა.