ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, ვიქტორ წილოსანის განცხადებით, 90%-ზე მეტი მგზავრისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაიაფდა. როგორც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღნიშნა, სატრანსპორტო რეფორმისა და აბონემენტების მიზანია, ადამიანებს აღარ გაუჩნდეთ სურვილი, გადაადგილდნენ კერძო ავტომობილით და რადგანაც თანხა გადახდილი ექნებათ, ძირითადად, გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
„ხშირად ისმება კითხვა, ლარი როგორ არის 50 თეთრის საპირწონე და როგორ არ გაძვირდა მგზავრობა. მგზავრობის 50%-დან 55%-მდე არის იმ კატეგორიის ადამიანების მიერ განხორციელებული, რომელიც სარგებლობს შეღავათით. ეს შეღავათი არ ნიშნავს იმას, რომ იაფს იხდიან. მათთვის მგზავრობა არის უფასო. შეღავათით მოსარგებლე კატეგორიების მცირე ნაწილია ის, ვინც 10 და 20 თეთრს იხდის. მათთვის ეს ტარიფი იგივე რჩება.
ასევე, ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებსაც ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე გადასაადგილებლად სჭირდებათ ორი ტრანსპორტის გამოცვლა: ავტობუსი და მიკროავტობუსი ან მეტრო და მიკროავტობუსი. როცა ამ ადამიანებს სჭირდებოდათ1 ლარი და 30 თეთრის გადახდა, მათთვის მგზავრობა ერთჯერადი მგზავრობის შემთხვევაშიც გაიაფდა.
ასევე, გვყავს ადამიანები, რომლებიც იყენებდნენ მიკროავტობუსს და შედიოდნენ შეღავათით მოსარგებლე კატეგორიაში, თუმცა მიკროავტობუსში ეს შეღავათი არ ვრცელდებოდა.
გვრჩება, დაახლოებით, 10-12% ის კონტინგენტი, რომელიც მგზავრობდა იშვიათად და ამ ადამიანებისთვის გაძვირდა. ოღონდ ამ 10-12%-ში შედიან ის ადამიანებიც, რომლებიც არ არიან თბილისის მცხოვრებლები და არ არიან დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლები. ასევე, ტურისტებიც. ალბათ, გვრჩება ძალიან მცირე ნაწილი, ვისთვისაც ერთჯერადი მგზავრობა გაძვირდება, თუმცა, 90%-ზე მეტი ადამიანისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაიაფდა,“ – განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.