კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 99 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 99 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. დედაქალაქის მერის თქმით, 2017 წელს დაწყებული პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართები 2000-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.

„დღეს ნაძალადევის რაიონში 99 ოჯახს გადავეცით საკუთრებაში საცხოვრებელი სახლები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. ჩვენი მხრიდან ყველანაირი მხარდაჭერა და თანადგომა ექნებათ იმ ოჯახებს, ვინც ანალოგიურ მდგომარეობაშია. მათ აუცილებლად უნდა მიმართონ იმ რაიონის გამგეობას, სადაც ისინი ცხოვრობენ და აუხსნიან, თუ რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ იმისთვის, რომ შემდეგ დაუკანონდეთ ეს ფართები. ძალიან მიხარია და ვულოცავ ამ ოჯახებს. უკვე 300 მილიონ ლარზე მეტის ქონებაა დაკანონებული მათთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მოწმობები აღნიშნულ ოჯახებს იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონების შემდეგ გადაეცათ, რომლებშიც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. მათ ფართები მუნიციპალიტეტისგან სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად შეისყიდეს.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი – ირაკლი თავართქილაძე და ნაძალადევის რაიონის გამგებელი – ირაკლი ანდღულაძე იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები