სამგორის რაიონში მცხოვრებ 56 ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 56 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.

მოწმობები აღნიშნულ ოჯახებს იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონების შემდეგ გადაეცათ, რომლებშიც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ.

56-ვე ოჯახმა ფართები მუნიციპალიტეტისგან სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად შეისყიდა.

„ჩვენ ამ პროგრამას ვაგრძელებთ. ეს 2017 წლის ჩემი საარჩევნო დაპირება იყო და საკმაოდ წარმატებული პროგრამაა. უკვე 2000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. დაახლოებით, სამასი მილიონის ქონება არის გადაცემული ამ ადამიანებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა მოუწოდა მსგავსი პრობლემის მქონე მოქალაქეებს, მიმართონ თავისი რაიონის გამგეობას, სადაც მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საცხოვრებელი ფართის დაკანონებისთვის საჭირო დოკუმენტებისა და პროცედურების შესახებ. კახა კალაძემ ამ ოჯახებს პრობლემის მოგვარებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გადაცემის ღონისძიებას რაიონის გამგებელი – კახა სამხარაძე და მაჟორიტარი დეპუტატი – რევაზ სოხაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები