ხმალაძე: მძიმე სამუშაო გავწიეთ, კომპანიასთან მოლაპარაკებების შედეგად უნდა განახლებულიყო მიკროავტობუსების პარკი
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს და ქალაქის ტერიტორიას მაქსიმალურად ფარავდეს. როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აღნიშნა, ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის იმპლემენტაციისთვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მიკროავტობუსების პარკის განახლება იყო.
„ეს იყო ძალიან რთული, ვინაიდან ეს არის 2010-2011 წლებში გაცემული პრივატიზებული ნებართვა, რომელსაც კომპანია 2030 წლამდე ფლობს. მათთან მოლაპარაკებების შედეგად უნდა განახლებულიყო მიკროავტობუსების პარკი. საკმაოდ მძიმე სამუშაო გავწიეთ და 1000 მიკროავტობუსის ჩანაცვლება შევძელით. სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანია ქალაქში გადაადგილების გაუმჯობესება – უფრო მეტად დაფაროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელმა ქალაქის ტერიტორია, უფრო მეტ მგზავრს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და შემცირდეს გადაადგილების დრო. მიკროავტობუსებისა და ავტობუსებისთვის გამოყოფილია სპეციალური სატრანსპორტო ზოლი და ისინი კერძო ავტომობილებთან შედარებით, რამდენჯერმე უფრო სწრაფად გადაადგილდებიან, რაც ნიშნავს მგზავრობის დროის შემცირებას და მეტ კომფორტს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ხმალაძემ.