კახა კალაძე: ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა მიმდინარე წელს დაიწყება, გამოყოფილია 20 მლნ ლარი

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა მიმდინარე წელს დაიწყება.

„ავარიულ შენობა-ნაგებობებს რაც შეეხება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროგრამაა, რაც ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო. წელს უკვე ვიწყებთ ამ პროგრამის განხორციელებას, რითაც ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ისეთი შენობა-ნაგებობები, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია და საფრთხეს წარმოადგენს ჩანაცვლდეს მუნიციპალიტეტის მონაწილეობით”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამისთვის წელს მერიის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.

„წელს გვექნება კონკრეტული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც დავიწყებთ. ჯერჯერობით, მუშაობა მიმდინარეობს. ეს არ არის მარტივი პროცესი, რადგან უნდა იყოს კონკრეტულ ობიექტზე მცხოვრები ყველა ადამიანის თანხმობა და ა.შ. 10 ათასამდე ასეთი შენობაა თბილისში, რომელსაც სხვადასხვა ავარიულობის ხარისხი აქვს. წელს 20 მილიონია გამოყოფილი პროექტის დასაწყებად და ვფიქრობთ, საკმაო რაოდენობით მოხდება ჩანაცვლება. ცოტა მოგვიანებით უფრო კონკრეტულად მოგაწვდით ინფორმაციას, თუ რა მისამართებზე განხორციელდება პროექტი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები