რას ეძებს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ბოლივიასა და ვენესუელაში
ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ნიშანდობლივი შეხვედრა შედგა. ვენესუელაში დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ ელჩი ვენესუელაში ბოლივიის ელჩს შეხვდა. ამ შემთხვევაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ კრემლის გავლენის ქვეშ მყოფ ვენესუელას დე ფაქტო აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს, ბოლივიას კი ამ დრომდე – არა და ეს შეხვედრა არა ბოლივიის, არამედ ვენესუელის მიწაზე გაიმართა.
როგორც დე ფაქტო აფხაზეთის მედია იუწყება, შეხვედრის დროს განიხილეს „საკითხების ფართო სპექტრი თანამშრომლობის განვითარების კუთხით, ასევე, ჰუმანიტარული, ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები ამ ორ ქვეყანას შორის“. ზაურ გვაჯავამ და სებასტიან როდრიგო მიშელ ჰოფმანმა იმაზეც ისაუბრეს, რომ აფხაზეთი და ბოლივია საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და გაერო-ს წესდების საკვანძო პრინციპების დაცვას მხარს უჭერენ. თუმცა, გავიხსენოთ, რომ არც გაერო-ს და არც რომელიმე გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციას რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ უღიარებია და არც აპირებს ამის გაკეთებას.
დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ შეხვედრის თაობაზე აღნიშნავს, რომ ბოლივიის საგარეო პოლიტიკურ კურსს დიდ პატივს სცემს. ოკუპირებული აფხაზეთის ახალი ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა ყველა მხრივ ცდილობს კრემლის გავლენების გამოყენებას იმ მიმართულებით, რაც მას ხელეწიფება. როგორც ჩანს, კრემლის დერეფნებში კარიერულად გამოზრდილი არძინბა ყველა იმ პლაცდარმს იყენებს, რომელიც რუსეთს ამა თუ იმ ქვეყანაში გააჩნია. დღემდე აფხაზეთის საერთაშორისო „წარმატებები“ იმდენად მყიფე და უმნიშვნელოა, ახლა არძინბას ე.წ უწყება ძალისხმევას აორმაგებს და ცდილობს, მოსახლეობა ასეთი შეხვედრებით გააბრუოს. მუდმივ ქაოსში გახვეული, არასტაბილური ბოლივია კი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროსაც და დღესაც კრემლის ორბიტაზეა ჩამოკონწიალებული, მშვენიერი სივრცეა იმისთვის, რომ მსოფლიოს მიერ არაღიარებული აფხაზეთის ჩინოვნიკებმა ეგო დაიკმაყოფილონ.
როგორც ცნობილია, ლათინური ამერიკა ოდითგანვე კრემლის ინტერესების გატარების სივრცე იყო. კრემლს ბოლო წლებშიც დიდი გეგმები ჰქონდა ბოლივიის კუთხით, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე პუტინმა ოდიოზურ ევო მორალეს საკუთარი პიარტექნოლოგებიც კი გაუგზავნა, მაგრამ ეს არჩევნები კორუფციასა და კრიმინალში ჩაძირული მორალესისთვის ცუდად დამთავრდა. თუმცა, ქვეყანას ისევ სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი მართავს და კრემლი კვლავ აგრძელებს „მჭიდრო ურთიერთობას ბოლივიელი ხალხის საკეთილდღეოდ“. ეს ურთიერთობა ბევრ სფეროს მოიცავს, მაგრამ მათ შორის ნიშანდობლივია რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ საქმიანობაც, რომელმაც ბოლივიაში ატომური რეაქტორისა და კომპლექსის მშენებლობა წამოიწყო. რუსული პროექტი სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს და პირველი ასეთი მასშტაბური ობიექტი გახდება, რომელიც, რუსების დახმარებით, ლათინურ ამერიკაში იმუშავებს. „როსატომი“ კი კრემლის ერთ-ერთი ის დანაყოფია, რომელსაც პუტინი „ტროას ცხენივით“ იმ ქვეყნებში აგზავნის, რომლებიც მისი ინტერესის სფეროშია. ყველა ასეთი რუსული, მსხვილი სახელმწიფო კომპანია ხომ, ფაქტობრივად, კრემლის სპეცსამსახურების განშტოებაა.
შესაბასამიდ, რა თქმა უნდა, კრემლს უფრო დიდი ფსონი „როსატომის“ საერთაშორისო ბირთვულ და ენერგეტიკულ პროექტებზე აქვს დადებული, მაგრამ, როგორც ჩანს, ხურდად საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უწყებების აქტუალიზებაც მოაყოლა. თორემ როგორ უნდა დავიჯეროთ, რომ ცხინვალსა და სოხუმში მცხოვრები რიგითი ადამიანები რაიმე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაჩაღებას აპირებენ კარაკასთან ან სუკრესთან.
გურანდა სირბილაძე